რითეილ-ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე პირველადი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე გამსხვილებას დადებითად აფასებს და ვარაუდობს, რომ FMCG სექტორში ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას "დეილის", "მაგნიტის", "გვირილას", "სპარის" და "იოლის" ერთ ჰოლდინგში გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.
მირანდა მანჯგალაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-გარიგების შედეგად შექმნილი მსხვილი ჯგუფი ორგანიზებული ბაზრის, დაახლოებით, 30%-ს დაიკავებს, რითეილ-ექსპერტი კონკურენციის შეზღუდვის და შესაბამისად, მომხმარებლის დაზარალების საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან ბაზარზე "გამძაფრებული კონკურენციაა".
„რა სურათი მივიღეთ FMCG ბაზარზე - გვაქვს ახალი ჰოლდინგი და მის გარდა, ბაზარზე რჩებიან ისეთი მოთამაშეები როგორიცაა „კარფური“, „ორი ნაბიჯი“ და „ნიკორა“, რომელიც ლიდერი იყო. ჯამში, ოთხი მოთამაშე გვყავს და ყველა იმდენად ძლიერია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების ორგანიზებულ ბაზარზე გამძაფრებული კონკურენცია დარჩება.
ბაზრის მოთამაშეები შეეცდებიან ლიდერობის შენარჩუნებას და დაშვებასაც არ ვაკეთებ, რომ მომხმარებელი საფრთხეში ჩავარდეს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ახალი ჰოლდინგი და დანარჩენი სამი ქსელი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიიზიდონ მეტი ახალი მომხმარებელი და ამავე დროს, შეინარჩუნონ არსებული მომხმარებელიც“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.
რითეილ-ექსპერტის თქმით, "დეილის", "მაგნიტის", "გვირილას", "სპარის" და "იოლის" ერთ ჰოლდინგში გაერთიანებით, ჯგუფის მენეჯმენტს წვდომა ექნება მომხმარებლის ძალიან დიდ ბაზაზე, რაც საშუალებას მისცემს, ლოიალური პროგრამების შექმნით, ბაზარზე ლიდერობა განიმტკიცოს.
„ჰოლდინგს ექნება მომხმარებლის ძალიან დიდი ბაზა, რაც დაეხმარება მასზე მორგებული მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვაში თუ ფასდაკლების აქციების შეთავაზებაში, რაც ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც უბიძგებს, მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზებისკენ“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.