მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ი ტოპ-2000 კომპანიის 2022 წლის რეიტინგს აქვეყნებს

627e62e03d046
გიორგი თოლორდავა
14.05.22 00:14
1276
Forbes-ი 2022 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის ტოპ-2000 საერთაშორისო კომპანიის რეიტინგი, რომელიც 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. კომპანიების შესაფასებლად Forbes-ი ოთხ ძირითად კრიტერიუმს იყენებს: შემოსავალი, მოგება, აქტივების მოცულობა და საბაზრო ღირებულება.

რეიტინგის სათავეში, ისტორიაში პირველად, ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway აღმოჩნდა, რომელსაც 91 წლის ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი ხელმძღვანელობს. Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $741 მილიარდს შეადგენს და მისი აქტივების მოცულობა $960 მილიარდს აღწევს. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ $276 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, აქედან თითქმის $90 მილიარდი კი მოგება იყო.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა 2021 წლის რეიტინგის ლიდერმა, ჩინურმა ICBC-მა (Industrial and Commercial Bank of China), რომლის აქტივების საერთო მოცულობა $5.5 ტრილიონს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი – $215 მილიარდს. ჩინეთის უმსხვილესმა ბანკმა $208 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მოგება კი $54 მილიარდს შეადგენდა.

Global 2000-ის რეიტინგის მესამე ადგილს ენერგოგიგანტი Saudi Aramco იკავებს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.3 ტრილიონს აჭარბებს, აქტივების საერთო მოცულობა კი – $576 მილიარდს.

Forbes-ის რეიტინგში წარმოდგენილი კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულება $76 ტრილიონს აღემატება – ისინი თითქმის $233 ტრილიონის აქტივებს ფლობენ, ყოველწლიურად კი დაახლოებით $47 ტრილიონის შემოსავლის მიღებას ახერხებენ, საიდანაც დაახლოებით $5 ტრილიონი მოგებაა.

Global 2000-ის სიაში 58 ქვეყანაა წარმოდგენილი. რეიტინგიდან ყველაზე მეტი კომპანია აშშ-შია დაფუძნებული (590), მეორე ადგილზე 351 კომპანიით ჩინეთია, ხოლო მესამე ადგილს იაპონია იკავებს. იქ რეიტინგში წარმოდგენილი 196 კომპანიაა დაფუძნებული.



წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები