როსკომნადზორმა, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო საიტზე - Chess.com-ზე წვდომა შეზღუდა. ამის მიზეზად კი უწყება, რუსი მომხმარებლის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ასახელებს. ინფორმაციას რუსული Forbes ავრცელებს.
რუსი მოჭადრაკის, სერგეი კარიაკინის თქმით, პორტალი "იძულებით ცვლის რუსულ დროშას" და მის ნაცვლად, “შეურაცხმყოფელი პროპაგანდისტული სტატიის" ბმულს ათავსებს.
კარიაკინი, რომელიც რუსეთ უკრაინის ომს “სამხედრო სპეცოპერაციას” უწოდებს და საჯაროდ რუსეთს უჭერს მხარს, ამბობს, რომ Chess.com-ის ადმინისტრაციამ, მას საიტზე საპრიზო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.
„მათ, რუსი მოჭადრაკეების დისკრიმინაციით და ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოების აკრძალვით თავად გააკეთეს არჩევანი “, - განაცხადა მოჭადრაკემ.
მოგვიანებით კარიაკინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის „საკუთარი პლატფორმის“ შექმნაზე მუშაობს, ხოლო Chess.com-ის დაბლოკვის შედეგად, რეკომენდაცია ალტერნატიულ საიტს - Lichess.org-ს გაუწია.