მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ი ჩინური ელექტრომობილების კონკურენტის შექმნაზე მუშაობს, Bolt-ი და Pony.ai ევროპაში რობოტაქსების გაშვებას გეგმავენ - კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BMW

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Ford-ი ჩინური ელექტრომობილების კონკურენტის შექმნაზე მუშაობს

Ford-ი 2027 წლისთვის ახალ ელექტრო პიკაპს ამზადებს, რომელიც ბიუჯეტურობით ჩინურ მოდელებსაც კი აჯობებს. პროექტზე, სახელად Universal EV, Tesla-სა და Apple-ის ყოფილი ინჟინრებისგან შემდგარი 500-კაციანი გუნდი მუშაობს.
ხარჯების შესამცირებლად კომპანია წარმოების სტრატეგიას ცვლის: გამოიყენებს 25%-ით ნაკლებ სამაგრს და მნიშვნელოვნად შეამოკლებს კაბელების სისტემას. დაგ ფილდის თქმით, ხელმისაწვდომი იქნება როგორც უკანა, ისე სრულამძრავიანი მოდელები. ავტომობილების წარმოება კენტუკის შტატში, ლუისვილის ქარხანაში იგეგმება. Ford-ის მიზანი წარმოების თვითღირებულების რამდენიმე ათასი დოლარით შემცირებაა.

Mercedes-Benz-ი A-Class-ის წარმოებას 2028 წლამდე აგრძელებს

Mercedes-მა პოპულარული A-Class-ის წარმოება 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ხარჯების დაზოგვისა და ფასის შენარჩუნების მიზნით, საწარმოო ხაზი გერმანიიდან უნგრეთში, კეჩკემეტის ქარხანაში გადაინაცვლებს. ეს ნაბიჯი ევროპულ ბაზარზე ჩინურ ბრენდებთან კონკურენციითაა განპირობებული.

უნგრეთის ქარხანა 2026 წლიდან ამუშავდება, დასაქმდება 3000 ახალი თანამშრომელი და წლიურად 400 000-მდე ავტომობილი გამოვა. პარალელურად, კომპანია ამზადებს ახალ მემკვიდრეს MMA პლატფორმაზე, რომელიც როგორც ელექტრო, ისე შიგაწვისძრავიანი იქნება. ამ ცვლილებით მერსედესი რაშტატის ქარხანაში სივრცეს ახალი მოდელებისთვის ათავისუფლებს.

Subaru WRX-ის ისტორიული ვარდნა ამერიკულ ბაზარზე

2025 წელი Subaru WRX-ისთვის აშშ-ში ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა — გაყიდვები 41.2%-ით შემცირდა. ბოლო ორ წელიწადში მოდელმა მომხმარებელთა 55.7% დაკარგა. ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად საბაზისო კომპლექტაციის გაუქმება და ფასის 4000$-ით ზრდა სახელდება.

კრიზისს განიცდის ელექტრომობილი Solterra-ც, რომლის გაყიდვები 13.9%-ით შემცირდა. ამ ფონზე, წარმატებას Crosstrek-ი (+5.5%) და Legacy (+13.4%) ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ Subaru-ს ჯამური გაყიდვები მხოლოდ 3.6%-ით შემცირდა, კომპანიას 2026 წლისთვის წარმოების ხაზის გადახედვა მოუწევს, რათა მომხმარებელთა შეცვლილ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს.

Cadillac Escalade-მა აშშ-ის ბაზარზე ლიდერობა დაიბრუნა

2025 წელს Cadillac Escalade კვლავ აშშ-ის ყველაზე გაყიდვადი მდიდრული SUV გახდა. მძიმე კონკურენციაში მან Lincoln Navigator-სა და Jeep Wagoneer-ს აჯობა. კადილაკმა სულ 49 366 ერთეული გაყიდა, რითაც ფასის მიუხედავად, Toyota Sequoia-სა და Nissan Armada-ს გადაასწრო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პირველობას Jeep Wagoneer-ი ფლობდა, თუმცა მისი გაყიდვების 20%-იანი ვარდნის ფონზე, Escalade-მა პოზიციები გაიმყარა. 2026 წლისთვის Jeep-ი ფასების შემცირებით რევანშს გეგმავს, რაც მდიდრული SUV-ების სეგმენტში კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.


BMW-ს სარეკორდო წელი აშშ-ში და ელექტრომობილების კრიზისი

2025 წელი BMW-სთვის აშშ-ში სარეკორდო გამოდგა: კომპანიამ 388 897 ავტომობილი გაყიდა (+4.7%). წარმატებას ინარჩუნებს Mini-ც 9.3%-იანი ზრდით. წლის ლიდერი მოდელი კვლავ X3-ია (76 546 ერთეული).

თუმცა, ელექტრომობილების სეგმენტში საგანგაშო, 16.7%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, რაც საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ გამოიწვია. მეოთხე კვარტალში ვარდნამ 45.5%-ს მიაღწია. კრიზისის ფონზე, BMW-მ გამოსავალი ჰიბრიდებში (PHEV) იპოვა, რომელთა გაყიდვებიც 30.7%-ით გაიზარდა. მიუხედავად ელექტრო-გამოწვევებისა, ბრენდი ამერიკულ ბაზარზე ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.


Bolt-ი და Pony.ai ევროპაში რობოტაქსების გაშვებას გეგმავენ

ესტონური კომპანია Bolt-ი ჩინურ სტარტაპ Pony.ai-სთან თანამშრომლობით ევროპაში მე-4 დონის ავტონომიური ტაქსების ინტეგრირებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე სისტემის უსაფრთხოება და მომხმარებლის გამოცდილება გამოიცდება.

Bolt-ის დამფუძნებელი, მარკუს ვილიგი, მიიჩნევს, რომ ეს ტექნოლოგია ტრანსპორტირების სტანდარტებს რადიკალურად შეცვლის. Pony.ai-სთვის, რომელიც ჩინეთში უკვე ასეულობით რობოტაქსს მართავს, ევროპა პერსპექტიული ბაზარია. სერვისის გაშვება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები