მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-მა IV კვარტალი ზარალით დახურა

Ford

ამერიკულმა Ford-მა 2025 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ზარალზე მიუთითებს.

კომპანიის კვარტალურმა მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) მხოლოდ 0.13 დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 0.18 დოლარზე. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა და 45.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, წმინდა ზარალმა კვარტალში 11.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად ელექტრომობილების სტრატეგიის გადახედვით გამოწვეულ ხარჯებს უკავშირდება, მათ შორის ელექტრო F-150 Lightning-ის წარმოების შეჩერებას.

ამ მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგარეო ფაქტორები გახდა. კომპანიის განცხადებით, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია საბაჟო ტარიფებმა, საიდანაც 1 მილიარდი მოულოდნელი იყო და წლის მიწურულს ტარიფების საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებამ განაპირობა. გარდა ამისა, ნიუ-იორკში ალუმინის მომწოდებელი ქარხნის ხანძარმა Ford-ის F-150-სერიის პიკაპების წარმოება შეაფერხა, რამაც დამატებითი 2 მილიარდი დოლარის ფინანსური დარტყმა მიაყენა კომპანიას.

მიუხედავად სუსტი კვარტალური მონაცემებისა, Ford-ის აქციების შეფასება ვაჭრობის შემდგომ სესიაზე ოდნავ გაიზარდა, რაც 2026 წლის ოპტიმისტურმა პროგნოზმა განაპირობა. კომპანია მომავალი წლისთვის 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე კორექტირებულ საოპერაციო მოგებას (EBIT) და 5-6 მილიარდი დოლარის თავისუფალ ფულად ნაკადს ელოდება, რაც აქამდე პროგნოზირებულზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები