მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფოსტაში“ ხანძრით მიყენებულ ფინანსურ ზარალს ითვლიან - რა მდგომარეობაა?

6412bfdda1406
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 11:04
2436
მესტიაში სასტუმრო „ფოსტაში“ 16 მარტის ღამის 3 საათისთვის გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც სასტუმროს მენეჯერმა გვანცა ფალიანმა BM.GE-ს განუცხადა, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ მეოთხე სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახებია.

„ხანძარი ჭერში გაჩნდა. მადლობა ღმერთს ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპისთვის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს და ამიტომ კონკრეტულად, რის გამო გაჩნდა ხანძარი, ვერ გეტყვით. ღამის 3 საათისთვის გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა მესამე და მეოთხე სართული, ხოლო ნულოვანი, პირველი და მეორე სართულები წყლის ჭავლმა მნიშვნელოვნად დააზიანა. სასტუმროში მდგარი ავეჯი სრულად დაზიანებულია და გადასაგდებია. ამ ეტაპისთვის დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. გვეხმარება მუნიციპალიტეტი და დასუფთავების სამსახური“, - განმარტავს გვანცა ფალიანი.



აღსანიშნია, რომ სასტუმრო 2 შენობისგან შედგება. პირველი 4-სართულიანი შენობა 20 სასტუმრო ნომერს აერთიანებდა, ხოლო მეორე 5-სართულიანი 30 ნომერს. სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენისას მეორე შენობა სრულად დატვირთული იყო სტუმრებით და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციამ მეორე შენობიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა და სტუმრების სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავება უზრუნველყო.

„მეორე სასტუმრო შენობა სრულად სავსე იყო და მათი ოთახებიდან გამოყვანა და სხვა სასტუმროებში გადანაწილება მოგვიწია. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის გამო სტუმრებს უსაფრთხოებისთვის მიზნით ნომრები დავატოვებინეთ და სხვა სასტუმროებში განთავსებას სრულად ჩვენ ვიხდით, ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ზარალი ამ მხრივ 12 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პირველ შენობაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანს, მიმდინარეობს აღწერა და ფინანსური ზარალის დადგენა“, - უთხრა bm.ge-ს სასტუმრო „ფოსტას“ მენეჯერმა.

მისივე თქმით, სასტუმროს მეორე შენობა დასუფთავდება და სტუმრების მიღებას გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები