ქართული კომპანია E60 Shipping Line-ი ფოთი-კონსტანცას ხაზზე საბორნე მიმოსვლას აფართოებს.
კომპანიამ, რომელიც ფრახტით აღებული ბორანი Vilnius-ით ოპერირებდა, ახალი ხომალდი შეიძინა და ამიერიდან ორი ბორნით გააგრძელებს საქმიანობას.
როგორც კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, გაფართოების გადაწყვეტილება გადაზიდვებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიიღეს. მისი თქმით, ახალ ხომალდს შესაძლებლობა აქვს სარკინიგზო ვაგონებიც გადაზიდოს.
ამასთან, E60 Shipping Line-ი უახლოეს თვეებში გეგმავს, რომ საქართველოდან რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე სამგზავრო გადაყვანებიც დაიწყოს.
“საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული მოლოდინები გამართლდა, დატვირთვა მაღალია და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი ბორანი გვეყიდა. ახალ ხომალდს შესაძლებლობა აქვს სარკინიგზო ვაგონებიც გადაზიდოს. შესაბამისად, ჩვენი რკინიგზაც დაუკავშირდება ევროპას. ახალი ბორნის დამატებით გავზრდით სიხშირეებსაც და თუკი აქამდე თვეში 4 სიხშირე გვქონდა, უკვე 8-მდე გაიზრდება. ეს გადამზიდავებისთვისაც ხელსაყრელი იქნება, რადგან ლოდინის დროც შემცირდება. ამასთან, ზაფხულიდან ვაპირებთ სამგზავრო გადაყვანების მიმართულების დამატებასაც. სატესტო რეჟიმში ახლაც გადაგვყავს ჯგუფები, თუმცა აქამდე გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები იყო, თუმცა ზაფხულისთვის უკვე სრულად იქნება მოგვარებული და ჩვენც შევძლებთ რეგულარული სამგზავრო გადაყვანების დამატებას”, - განაცხადა შალვა წაქაძემ.
ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო