ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მშენებლობის მეორე ფაზის საძირკველი ჩაიყარა. პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანია PACE International-ის დირექტორის, იოსებ დოლიძის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მიერ გამოყოფილი 75 მილიონი დოლარი წარმოადგენს უმსხვილეს სესხს, რომელიც ამ ორგანიზაციას მთელ კავკასიასა და შუა აზიის რეგიონებში ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ოდესმე დაუმტკიცებია.
იოსებ დოლიძემ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პროექტის რეგიონულ მნიშვნელობას, შუა დერეფნის გამოწვევებს და ვრცლად ისაუბრა კომპანიის 25-წლიან საქმიანობაზე.
„დღეს ერთად აღვნიშნავთ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მშენებლობის მეორე ფაზის საძირკვლის ჩაყრას. ამ პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 130 მილიონ ამერიკულ დოლარს, საიდანაც 55 მილიონი პორტის მფლობელი კომპანიის PACE-ის კონტრიბუციაა ამ პროექტში. ძირითადი ნაწილი 75 მილიონი კი არის DFC-ის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი.
აღსანიშნავია, რომ მოცემული დაფინანსება წარმოადგენს DFC-ის მიერ მთელ კავკასიასა და შუა აზიის რეგიონებში ერთ ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დამტკიცებულ უმსხვილეს სესხს. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ამერიკის მთავრობის დიდ ნდობაზე, რაც ჩვენმა კომპანიამ თავისი 25 წლიანი საქმიანობით დაიმსახურა", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, მეორე ფაზა დამატებითი ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა წელიწადში კიდევ 1 მილიონი ტონით გაიზრდება.
"მშენებლობის მეორე ფაზა ითვალისწინებს კიდევ ერთი ნავმისადგომის მშენებლობას, რის შედეგადაც ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. საერთო ჯამში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 3-დან 5 მილიონ ტონა ტვირთამდე დაამუშავებს. ნავსადგურის სიღრმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძლევა საშუალებას მივიღოთ ჰენდიმაქსის ტიპის გემები, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ამჟამად PACE ჯგუფი წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომლის მფლობელობაშია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და აერთიანებს საზღვაო სააგენტოს, საბროკერო, ლოგისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს. დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მონაწილეობა გვაქვს მიღებული ისეთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰდენიზის გაზსადენი, ტაპი, ანუ თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი გაზსადენი. ამ პროექტზე დღესაც ვმუშაობთ. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სრულად პასუხობს შუა დერეფნის გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში.
შემოვიფარგლები ამით, მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, მის მოადგილეს თამარ იოსელიანს, საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელს ივანე აბაშიძეს, საქართველოს რკინიგზის დირექტორს ლაშა აბაშიძეს და მთელს ეკონომიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა DFC-ის მმართველ დირექტორს ბატონ კენეთ ენჯელს, მადლობა ამერიკის საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და მის პრეზიდენტს მამუკა წერეთელს, უინგს ენდ ფრიმენს და მის დირექტორს კარლო გოგინავას, პრაიმ ბეტონს და როიალ ჰასკონინგს. მადლობა ყველას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროექტში", - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების ფარგლებში დამატებით 25 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული დაფინანსება მეორე ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.
ეს შეთანხმება მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. 2020 წელს DFC-მა ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და პირველი ფაზის მშენებლობისთვის კომპანიას 50 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო, რამაც ჯამური ამერიკული ინვესტიცია 75 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ სავაჭრო ინფრასტრუქტურას.




























