ფოთში წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტის მშენებლობა უკვე არაერთი წელია თითქმის ნულოვანი პროგრესით მიმდინარეობს. პროექტზე ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმთან Ludwig Pfeifer Hoch-თან, Tiefbau Gmbh7Co.-სა და EMIT Group – Ercole MarelliImpianti Tecnologici S.r.l.-თან გაფორმდა კონტრაქტი, რასაც აზიის განვითარების ბანკი 55 მილიონი ლარით აფინანსებდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ და კიდევ ერთი - ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ჩავარდნილ პროექტზე საარბიტრაჟო/იურიდიულ პროცედურებს იწყებს, რისთვისაც საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს 5.4 მილიონ ლარად დაიქირავებს.
ხელშეკრულების თანახმად, წყალარინების სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანია მუშაობდა 2021 წლის 15 დეკემბრამდე და პროექტი 80%-მდე მიიყვანა, 2021 წლის 15 დეკემბერს კი კონსორციუმმა სახელმწიფო კომპანიას აცნობა, რომ გაკოტრდა და სამუშაოებს ვეღარ შეასრულებდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, პროექტზე დავა მხოლოდ 2025 წელს დაიწყება.
ფოთის წყლის გამწმენდ ნაგებობას უნდა შესძლებოდა ყოველდღიურად 11,663 კუბური მეტრი წყალარინება/ჩამდინარე წყლების გაწმენდა, რითაც ქალაქის აკვატორიაში ჩამდინარე წყლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა და შემცირდებოდა შავი ზღვის დაბინძურება, თუმცა პროექტი ვერ შესრულდა.