ფოთის პორტში გემების მიღება - გაშვება შეჩერებულია. მიზეზი შტორმია, რომელიც მეორე დღეა გრძელდება. გემებს ვერ ემსახურება ვერც APM Terminals-ის და ვერც PACE ჯგუფის მართვაში არსებული ნავსადგურები. ინფორმაცია BM.GE-ის პორტების ოპერატორ ორივე კომპანიაში დაუდასტურეს.
"ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ზოგადად, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით საშტორმო შეჩერებები გათვალისწინებულია და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად შესაბამისი პროცედურების შემდეგ გემების მიმოსვლა აღდგება.
„ჩვეულებრივად საშტორმო მდგომარეობაა. შტორმი ალბათ ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც ფაქტობრივ მდგომარეობას გადავამოწმებთ, თუ ქვიშა შემოიტანა - მოიხსნება, შემდეგ საზღვაო სამსახურის ტრანსპორტის სამსახური დაგვიდასტურებს, რომ გემების შემოყვანის უფლება გვაქვს, ასევე ტივტივებია გასასწორებელი და მაგას ჰიდროგრაფიის სამსახურთან ერთად გავასწორებთ და გაგრძელდება ოპერაციები. ამ დროსთვის შტორმიდან გამომდინარე პორტში გემების მიღება შეჩერებულია“, - განმარტა ზვიად ჩხარტიშვილმა.