ისრაელ-ირანის კონფლიქტმა შესაძლოა, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დამატებითი ტვირთები მოუტანოს - ამის შესახებ გადამზიდავი კომპანიების ნაწილში აცხადებენ.
ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამჟამად ირანის პორტები პრაქტიკულად გაჩერებულია, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ე.წ. სამხრეთ დერეფნიდან ტვირთები შესაძლოა, საქართველოსკენ გადმომისამართდეს.
როგორც BMG-ის SKYLOG-ის მმართველმა პარტნიორმა განუცხადა, შექმნილ ვითარებაში ფოთის პორტში დამატებითი ტვირთების გაჩენაა მოსალოდნელი.
“ირანში ბენდერ-აბასის პორტი დაიკეტა. ეს ეხება სომხეთის და აზერბაიჯანის ტვირთებს, შუა აზიის ტვირთებსაც. ყაზახეთი, თურქმენეთი და მსგავსი ქვეყნები ბენდერ-აბასიდან იღებდნენ [ტვირთებს], რომელიც უფრო იაფიც ჯდებოდა. ეს პორტი ჩაიკეტა ახლა. ამან დიდი ალბათობით ფოთის პორტში შეიძლება ტვირთების მოზღვავება გამოიწვიოს, ანუ ფოთიდან აზიის მიმართულებით უკუტრანზიტი შედგეს.
შესაბამისად, ტვირთების სერიოზული მატებაა მოსალოდნელი. ისევე როგორც ნოვოროსიისკის პორტის დაკეტვამ გამოიწვია ამხელა ტვირთნაკადების საქართველოზე გადმოტანა. ჩვენთვის ომი ცუდია, მაგრამ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შეიძლება ამან როგორც ტრანზიტორი ქვეყნისთვის სიკეთე მოიტანოს. თუ ჩვენი პორტები მზად დახვდებიან [ტვირთებს] კარგის მეტი არაფერი იქნება”, - განაცხადა გიორგი ზუმბაძემ.




























