ფოთში, კერძოდ, მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზის მშენებლობა 6 628 698 ლარი დაჯდა. ახლად გახსნილი ნიჩბოსნობის ბაზა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს.
“ნიჩბოსნობის ბაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში”, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს ზამთარშიც უწყვეტად შეძლონ ვარჯიში. "ამ ბაზის გახსნა ახალ პერსპექტივას გაუხსნის ფოთს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და ღონისძიებების მასპინძლობაში", - აცხადებენ ფოთის მერიაში.