ფოთის მუნიციპალიტეტს, ოქტომბრის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 818 283 ლარი გამოეყოფა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 25 დეკემბერს გამოიცა.
"მიმდინარე წლის ოქტომბერში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფოთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 818 283 ლარი",- წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ოქტომბერში, უხვი ნალექისა და ქარის გამო ფოთში ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ და კერძო სახლების ნაწილს.