მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილი შესაძლოა 72 ლარამდე გაძვირდეს - ჯეომილი

6030a2c76980e
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 20:05
1496

კომპანია „ჯეომილის“ გენერალური დირექტორის პროგნოზით, რუსეთის მხრიდან 15 თებერვლიდან მარცვლეულზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე წისქვილკომბინატები ელიან, რომ ხორბალზე ფასი ისევ გაიზრდება. ხორბლის გაძვირება კი ჯაჭვური რეაქციით იწვევს ფქვილზე ფასის ზრდას, შესაბამისად როგორც „ჯეომილის“ გენერალური დირექტორი ამბობს, ქვეყანაში არსებული ხორბლის მარაგების ამოწურვის შემდეგ, როცა ბიზნესს ახალი საბაჟო ტარიფებით მოუწევს იმპორტის განხორციელება, შესაძლებელია ერთი ტომარა ფქვილი 72 ლარამდე გაძვირდეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთთმა დაანონსებული რეგულაციები აამოქმედა და იმპორტი შეზღუდა. დაწესდა კვოტები და ახალი საბაჟო ტარიფები. 15 თებერვლიდან რუსეთიდან მხოლოდ 17,5 მილიონ ტონა მარცვლეულის იმპორტია დაშვებული, თითოეულ ტონაზე კი 25 ევროს საბაჟო გადასახადი მოქმედებს, რაც 1 მარტიდან 50 ევრო გახდება.

რუსული რეგულაციები ამით არ მთავრდება, 1 ივლისიდან ქვეყანა ე.წ მცურავი ბაჟის ახალი მექანიზმის ( საერთაშორისო ფასს გამოკლებული $200 და მიღებული სხვაობის 70%) ამოქმედებას განიხილავს, რათა მარცვლეულის იმპორტი ახალი მოსავლის მიღების შემდეგაც გააკონტროლოს.

„ტენდენცია ისედაც იყო, რომ ხორბალი ძვირდებოდა, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ თავისთავად ცხადია ეს ფასზე აისახება და ხორბალი კიდევ გაძვირდება.

ფქვილის ფასზე ეს პირდაპირ ახდენს გავლენს, მარაგები წისქვილკომბინატებს 1-2 თვის გვაქვს, მერე დადგება დღის წესრიგში საკითხი, როცა უნდა ვიყიდოთ ხორბალი, რაც იქნება უფრო მაღალი ფასით, ვიდრე დღეს არის. თავისთავად ფქვილი მოიმატებს ფასში და მერე ალბათ პურიც გაძვირდება. თებერვალსა და მარტში არა, მაგრამ აპრილისთვის შეიძლება 72 ლარი გახდეს ფქვილის ფასი. გააჩნია ასევე რა კურსი იქნება, რაზეც ასევე ბევრია დამოკიდებული“-აცხადებს „ჯეომილის“ გენერალური დირექტორი ბესიკ ბეჟაშვილი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მხოლოდ რუსულ ხორბალზე არ იყვნენ დამოკიდებული, წისქვილკომბინატების ნაწილი ცდილობს დივერსიფიცირება მოახდინოს და ხორბალი ყაზახეთიდა შემოიტანოს, რომლის ფასი რუსეთის მხრიდან დაწესებული საბაჟო ტარიფების ფონზე გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება.

„ტრანსპორტირება ყაზახეთიდან ორჯერ მეტი ღირს, ვიდრე რუსეთიდან, მაგრამ ამ პირობებით, რაშიც ვართ, უკვე ყაზახული ხორბალი კონკურენტუნარიანი ხდება“-აცხადებს ბესიკ ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე 1 ტონა ხორბალი დაახლოებით 100 დოლარით გაძვირდა და დღეს 300 დოლარის ფარგლებში ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები