მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freedom House: საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესდა

603f77a7221de
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.21 16:10
1166
გავლენიანმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 2020 წლის მდგომარეობით, მსოფლიოში თავისუფლების დონეს ასახავს, საქართველოს შედეგი გაუარესებულია. მათ შორის ანგარიშში საუბარია "ოლიგარქიული გავლენის შესახებ", რომელიც ქვეყნის პოლიტიკაზე მოქმედებს. 

წინა წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, საქართველოს 100-დან 61 ქულა ჰქონდა, ახალ ანგარიშში კი, საქართველოს მაჩვენებელი 60 ქულაა. შედარებისთვის 2018-ში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანამ პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ უკან დაიხია.

ამ მაჩვენებლით საქართველო “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიგებშია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნეგატიურად აისახა, რაც მასში სახელისუფლებო ძალების მხრიდან ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვას, ოპოზიციის დაშინებას და შემაჯამებელ ოქმებში სავარაუდო დარღვევების გამო, ოპოზიციის ბოიკოტს უკავშირდებოდა. ასევე, ნეგატიურად არის შეფასებული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მხოლოდ 26%-იანი ელექტორალური აქტივობა დაფიქსირდა.

“ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა ხელისუფლების გადაცემის პერიოდში, 2012-13 წლებში, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქული გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მედიაგარემო და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის პოლიტიზება. სამოქალაქო უფლებები არასათანადოდ დაცულია”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში ორი ძირითადი მიმართულებებისგან შედგება, მათ შორის პირველია პოლიტიკური უფლებები, სადაც საქართველო 40-დან 24 ქულით შეფასდა. პოლიტიკური უფლებების პრობლემებში ნახსენებია სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პრობლემა.

მეორე მიმართულება სამოქალაქო თავისუფლებაა, სადაც საქართველო 60-დან 37 ქულით შეფასდა. ამ მხრივ ქვეყნის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს მედიის, გამოხატვისა და რწმენის, შეკრების თავისუფლებებისა და სასამართლოს დაბალი მაჩვენებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები