მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენები ჯერ არ გაუქმებულა - რა სიხშირით სრულდება საქართველო-ისრაელს შორის ფრენები?

 El Al Israel Airlines

ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, საქართველო-ისრაელს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, ჯერჯერობით, რეისის გადადება ან/და შეფერხებაზე მათთვის ავიაკომპანიებს არ უცნობებიათ.

დღეის მდგომარეობით საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენებს ოთხი ავიაკომპანია ასრულებს, მათ შორის სამი ისრაელურია. ისინი ქვეყნის ორ - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაფრინავენ. Israir Airlines; Arkia Airline და El Al Israel Airlines თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ასრულებენ ფრენებს. მათგან პირველი ორი - კვირაში ორ რეისს, ხოლო El Al Israel Airlines სამ რეისს ასრულებს. თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian airways-ც. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენის ნებართვა აქვს El Al Israel Airlines-სა და   Israir Airlines-ს ბათუმის აეროპორტიდანაც. 2022 წლის მონაცემებით, ამ ორ ავიაკომპანიას ქართულ საავიაციო ბაზარზე 9%-იანი წილი ეკავათ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს, რომ 8 ოქტომბერს გაუქმდა Israir Airlines-ის ერთი რეისი, თუმცა, ავიაკომპანიამ მოითხოვა დამატებითი ფრენის შესრულება და აღნიშნული რეისი დღეს, 9 ოქტომბერს შესრულდება.

"ამ დროისთვის სრულდება ავიარეისები ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით, სააგენტოში არ შემოსულა ინფორმაცია ფრენების გაუქმების თაობაზე", - აცხადებენ უწყებაში. 

რაც შეეხება საერთაშორისო ფრენებს, ავიაკომპანიების ნაწილმა ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს. მათ შორის არიან United Airlines; American Airlines, ხოლო გერმანულმა Lufthansa-მ რეისები ორშაბათამდე გააუქმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები