მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენების აღდგენაზე რუსულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა - კალაძე

64732025ae4df
BM.GE
28.05.23 13:35
588
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, ამ ყველაფერს დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ რუსეთის ფედერაციას ამავეს თვითონვე სთხოვდნენ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაატარებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას.

“არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენასთან, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ამას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, ვინც ამას გუშინ პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუსეთის მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ, ტურისტულად ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის მიერ ორმხრივი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, არ გაუპროტესტებია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა. ეს, როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო. რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერია. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ფრენების აღდგენაზე და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები