მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს“ კარგავს - რუსულ „აზიმუტში“ საავიაციო საწვავის დეფიციტზე საუბრობენ

აზიმუტი

რუსეთში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც ფრენების განხორციელება „ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს“ კარგავს. ამის შესახებ ავიაკომპანია „აზიმუტის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიამ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორების ასოციაციას (АЭВТ) გაუგზავნა. ინფორმაციას პროფილური ტელეგრამარხი „ავიატორშჩინა“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივნისის დასაწყისში „აზიმუტის“ საავიაციო საწვავის მთავარმა მომწოდებელმა არსებულთან შედარებით მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირება მოითხოვა. მიზეზად კი „ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში ფორსმაჟორული სიტუაციები“ და, შესაბამისად, ბაზარზე საავიაციო საწვავის მოცულობის შემცირება დაასახელა.

„აზიმუტში“ ამტკიცებენ, რომ საწვავის საჭირო მოცულობა არც ალტერნატიულ მომწოდებლებს აქვთ.

ავიაკომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საწვავის დეფიციტის პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა ფასებიც. მათი ინფორმაციით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო საწვავის ფასი საშუალოდ 17%-ით გაიზარდა, ხოლო, მაგალითად, მახაჩყალაში საავიაციო ნავთის ღირებულება 64%-ით გაიზარდა და 157 ათას რუბლს მიაღწია.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ შექმნილ პირობებში დაგეგმილი ფრენების პროგრამის შესრულება „ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს კარგავს“, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე. „აზიმუტი“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორების ასოციაციას სთხოვს, რომ ორგანიზაციამ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღების თხოვნით ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს.

გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მხრიდან თავდასხმების გაძლიერების ფონზე დაიწყო. Reuters-ის მონაცემებით, თავდასხმების გამო, 15-დან 21 ივნისამდე ქვეყანაში ბენზინის წარმოება 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შემცირდა. ავტომობილებისთვის საწვავის გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა ცენტრალურ რუსეთში, ირკუტსკის, ომსკის და ნოვოსიბირსკის ოლქებში, ასევე ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში - რუსეთის მთავარ ნავთობმომპოვებელ რეგიონში.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ვლადიმერ პუტინთან გამართულ თათბირზე შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას „რთული, მაგრამ კონტროლირებადი“ უწოდა, ხოლო თავად დეფიციტს - „პერიოდულად წარმოქმნილი ლოგისტიკური პრობლემები ცალკეულ რეგიონებსა და ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები