მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, შესაძლოა, თვითმფრინავის ბაქანზე ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების უფლება მიეცეთ

თვითმფრინავი საჰაერო გადაზიდვა

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს საჰაერო ხომალდის ბაქანზე ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების უფლება ექნება, - შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს მთავრობა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ გეგმავს.

პარლამენტმა 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ საჰაერო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს.

„ცვლილება შეეხება ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის უშუალოდ ბაქანზე შემოწმებას და როგორც საჰაერო ხომალდის, ისე მისი ეკიპაჟის ინსპექტირებას. მას ექნება უფლებამოსილება, ეკიპაჟის წევრი შეამოწმოს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, რაც ერთ-ერთი აუცილებელი და უპირობოდ სავალდებულო შემოწმებაა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და არის ახლად დანერგილი პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ვერ ხორციელდება საქართველოში ამ ეტაპზე, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გამო“, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კანონპროექტი აგრეთვე „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის“ (CORSIA) დანერგვას ითვალისწინებს.

„სქემაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველომ აიღო 2016 წლის ბრატისლავას დეკლარაციაზე ხელმოწერით. აღნიშნული სტანდარტის მოქმედების ქვეშ ექცევიან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ფრენებს მინიმუმ 5700 კგ მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდების მეშვეობით. სქემა არ ფარავს სახელმწიფოს შიდა ფრენებსა და ისეთ საერთაშორისო ფრენებს, რომლებიც ემსახურება სამედიცინო, ჰუმანიტარულ და ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებს. სტანდარტი ითვალისწინებს საერთაშორისო ფრენებზე გაფრქვეული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის კომპენსირებას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების მიერ, რაც გამოიხატება მათ ვალდებულებაში შეისყიდონ და გააუქმონ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (იკაო) მიერ აკრედიტებული გარემოსდაცვითი პროგრამების მიერ გამოშვებული გამონაბოლქვის ერთეულები (emissions unit), რის შედეგადაც აღნიშნულ ერთეულებში გადახდილი თანხა მოხმარდება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გარემოზე მავნე გავლენის შესამცირებლად გატარებულ გარემოსდაცვით პროექტებს. სქემა აგრეთვე ითვალისწინებს ბიოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების გზით ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ კომპენსირებას დაქვემდებარებული გამონაბოლქვის ოდენობა. სტანდარტის მიხედვით, ყოველწლიურ გამონაბოლქვსა და განხორციელებულ კომპენსირებაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა რეგისტრაციის სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიშები, რომლებიც საბოლოო გადამოწმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მიეწოდება იკაოს, ვინაიდან სწორედ იკაო განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას საერთაშორისო დონეზე“, - წერია პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების გეგმით, ცვლილება შეეხება უპილოტო საჰაერო ხომალდებს, რომელთა სისტემების მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს.

„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია დაიყოფა ექსპლუატაციის „ღია“, „სპეციფიკურ“ და „სერტიფიცირებულ“ კატეგორიებად. დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, აღკვეთოს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია, რომელიც ხორციელდება ექსპლუატაციის „ღია“ და „სპეციფიკურ“ კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, - განმარტავენ მთავრობაში.