აქტივების მმართველმა კომპანია LetterOne-მა, რომელიც რამდენიმე რუსი მილიარდერის, მათ შორის მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ აქტივებს განკარგავს, გასულ წელს, $7.85-მილიარდიანი წაგება დააფიქსირა. ამავე პერიოდში $18.65 მილიარდამდე შემცირდა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულებაც - ასე იაფად კომპანიის აქტივები, მისი დაფუძნების შემდეგ, არასდროს შეფასებულა. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, ამონაგების კლება პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მილიარდერებისთვის დაწესებულ სანქციებს, რადგან ერთი წლით ადრე, ანუ 2021 წელს, LetterOne-ის მოგებამ $4.5 მილიარდი შეადგინა.
თავად ფონდი, რომელიც 2013 წლის ივნისში დაფუძნდა - ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული, მაგრამ მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. აღნიშნული ფონდი მიხაილ ფრიდმანმა და პარტნიორებმა მას შემდეგ დააფუძნეს, რაც “ალფა ჯგუფმა” რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კონსორციუმის, TNK-BP-ის 25%-იანი წილი “როსნეფტს” მიჰყიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წელს, LetterOne-ის სადამფუძნებლო კაპიტალი $15.3 მილიარდის ტოლი იყო, მაგრამ კომპანიამ ასევე მიიღო “ალფა ჯგუფის” საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიების, Vimpelcom-ისა და Turkcell-ის წილები.
მიხაილ ფრიდმანის საინვესტიციო ჰოლდინგი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. LetterOne-ის აქტივებს შორის ვხვდებით, როგორც ნავთობისა და გაზის მწარმოებელი გერმანული Wintershall Dea-ს, ასევე სატელეკომუნიკაციო გიგანტ VEON-ს, ესპანურ მაღაზიათა ქსელ Dia-ს, ჯანსაღი კვების ბრიტანულ ქსელ Holland&Barret-ს. LetterOne-ის აქტივებს შორის, ცხადია, ვხვდებით სხვა კომპანიებსაც.