„ოცნების“ მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორს ფრთხილად არჩევს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში 1 წლის წინ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ის უპირატეს მონაწილედ გამოცხადებას შეეხებოდა. BM.GE-მ დავითაშვილს ჰკითხა - რატომ არ გამოავლინა ხელისუფლებამ ჩინურ კონსორციუმი გამარჯვებულად ერთი წლის შემდეგაც კი და ხომ არ შეიცვალა რაიმე.
„ძალიან ბევრია ამაზე სათქმელი თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთი წელი ან რამდენიმე თვე - იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ საუკეთესო მოცემულობა პროექტში. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება ასეთი მნიშვნელოვანი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსხვავებით ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ინფრასტრუქტურაში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ კერძო პარტნიორს. ამავე დროს დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე და საქართველოს საჭიროებაზე მორგებული პორტი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.




























