„აბსოლუტურად გადართული ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში“ – „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ბიზნესს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. ლევან ყარალაშვილის თქმით, ბიზნესი გაურკვევლობაშია და ცდილობს სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს.
„ბიზნესი პრაგმატულობით გამოირჩევა. ხშირად ვამბობ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა, დღეს ამ ოპტიმიზმის საფუძველიც აღარ არის. არ მახსენდება არცერთი მსხვილი პროექტი, რომელიც დღეს დღის წესრიგში შეიძლება იყოს. არ მახსენდება ჩემს ირგვლივ ბიზნესის წარმომადგენლები, ვისთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, რომ სიახლეს გეგმავდეს. აბსოლუტურად გადართული ვართ თვითგადარჩენის რეჟიმში, რომ შევინარჩუნოთ ის პოზიციები, რაც დღემდე გვაქვს.
ჩვენ გამოვიარეთ პანდემია, კრიზისი და დღეს დავუბრუნდით იმ წერტილს. სრული გაურკვევლობა არის, აბსოლუტური ბურუსია წინ და ამ ჭრილში გვიწევს მოქმედება ისე, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, შევინარჩუნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული“,- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში.