მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრთხილად ფიშინგი! - რა მონაცემები არ უნდა შეიყვანოთ საეჭვო ბმულებზე

643faee718735
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.23 13:19
2270
"ფიშინგი" არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის შემთხვევები მაღალი ტემპით გაიზარდა. თაღლითებისგან შეტყობინებებს იღებს ასობით ადამიანი. ესენი არიან ბინის გამქირავებლები, Myauto-სა თუ Mymarket-ზე ავტომობილისა თუ კონკრეტული ნივთის რეალიზატორები.

ამ ადამიანებს უკავშირდებიან თაღლითები და სთხოვენ თანხის მისაღებად უშუალოდ მათ მიერ გაგზავნილ ლინკზე მონაცემების შეყვანას, ხშირ შემთხვევაში ესაა ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მიმსგავსებული გვერდი, სადაც მომხმარებელმა საკუთარი იუზერი, პაროლი ან ბარათის ნომერი უნდა შეიყვანოს. მონაცემებისა და ერთჯერადი კოდის მიღების შემდეგ თაღლითები ეუფლებიან პირის საბანკო ანგარიშს და ახდენენ ყალბ გადარიცხვას. შესაძლოა მათ ბანკისგან სესხიც მოითხოვონ და დამტკიცების შემთხვევაში კრედიტით მიღებული თანხაც საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხონ.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც რეალიზატორებს გადახდებს ფულადი გზავნილით სთავაზობენ და უგზავნიან Western Union-ის გადარიცხვის ყალბ კოდს. ასევე ნამდვილს მიმსგავსებულ ინტერფეისს, სადაც მომხმარებელმა საკუთარი მონაცემები უნდა შეიყვანოს. მიღებული ინფორმაციით თაღლითები მოიპოვებენ წვდომას მომხმარებლის ინტერნეტ ბანკზე, რის შემდეგაც საკუთარ თავს ურიცხავენ იქ არსებულ თანხებს.

ფიშინგის რისკების შესახებ მომხმარებლებს საქართველოს საბანკო ასოციაცია აფრთხილებს. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გახშირებული შემთხვევების და მომხმარებლების მხრიდან საკუთარი საბანკო საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“კიბერუსაფრთხოების პრობლემა დგას ყველა ასაკობრივ ჭრილში. ეს არ არის მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებისთვის საფრთხე ან მხოლოდ ახალგაზრდებისთვის საფრთხე. ის მოიცავს ყველას. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ დღეს საბანკო სერვისების 98% უკვე სრულდება ონლაინ,”- ამბობს ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა ქარჩავას განმარტებით, მომხმარებელმა წითელ ნიშნებს ყურადღება უნდა მიაქციონ.

“ხშირ შემთხვევაში გაქირავებისას უკავშირდებიან განცხადების ავტორს, რომ დაინტერესებული არიან უძრავი ქონების ქირაობით და დღესვე შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა, ოღონდ სურთ გადახდა სწრაფი ფულადი გზავნილის მეშვეობით. ამას თანხმდება გამქირავებელი. სწრაფი გზავნილის განაღდებას სჭირდება კოდი. ის ცდილობს თანხის განაღდებას ან ინტერნეტ ბანკში ან მიდის ოპერატორთან. ცხადია ეს გზავნილი არ იძებნება, რადგან ის არ არსებობს. უკავშირდება გამომგზავნს, რომელიც ეუბნება, რომ გზავნილი ნამდვილია და ის სპეციალური ბმულით უნდა გაანაღდოს, სადაც სთხოვენ საბანკო ბარათის სრულ ინფორმაციას ან იმას რომ ინტერნეტ ბანკით უნდა გაანაღდოს. ჩვენ ასეთ სქემებს ვხედავთ ყველგან. როდესაც არ ხდება კოდის განაღდება ტრადიციულ არხზე, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ საქმე გვაქვს წითელ შუქნიშანთან,”- განაცხადა ქარჩავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები