საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა განმარტავს, რომ კიბერთავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი საბარათე მონაცემების დაცვა თავად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა - ამის შესახებ ქარჩავამ BMGdrive-ის ეთერში ისაუბრა.
"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს პერსონალურ ფინანსურ და საბარათე მონაცემებზე. ბანკს ტრანზაქციების მონიტორინგის თავისი სისტემები აქვს, უკონტაქტო ტრანზაქციების ღირებულებაც შეზღუდულია. ეს იმისთვის, რომ ოქროს შუალედი მოვძებნოთ კომფორტსა და უსაფრთხოებას შორის.
ბანკი მაღალი უსაფრთხოების პროტოკოლით დაცულ ბარათს გადმოგცემთ, გიზიარებთ ინფორმაციას, რომ საბარათე მონაცემები არცერთ შემთხვევაში, არსად არ უნდა გავაზიაროთ, არ შეიყვანოთ ყალბ ვებგვერდებზე, არ გაუზიაროთ სხვას, არ დაამახსოვრებინოთ ბარათის მონაცემები ბრაუზერში და ა.შ. - ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ეს გადახდის საშუალება მომხმარებლის ხელშია, და მისი პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას. ამიტომაც არის ეს ასეთი პრობლემატური და ცნობიერების ამაღლების გარდა, სხვა პრევენციული მექანიზმი არ არსებობს", - აღნიშნავს ინგა ქარჩავა.
ინგა ქარჩავა ასევე განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფიშინგის მსხვერპლი მაინც გავხდით და ჩვენი ბარათის მონაცემები მესამე პირის ხელში გადავიდა.
"როგორც კი მივხვდებით, და, იმედია ამას მივხვდებით მანამდე, ვიდრე თანხა ჩამოგვეჭრება ანგარიშიდან, მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან აუცილებლად უნდა დავბლოკოთ საბანკო ბარათი. თუ არცერთი არხი იმ მომენტში ხელმისაწვდომი არ არის, ვუკავშირდებით ბანკს და ისე ვაბლოკინებთ ბარათს.
თუ ინტერნეტბანკის მომხმარებელი ხართ და ერთჯერადი კოდი შეიყვანეთ ყალბ ვებგვერდზე, ცვლით იმ წამსვე პაროლს ინტერნეტბანკში, ან უკავშირდებით ბანკს და ატყობინებთ ამის შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს ალბათობა იმისა, რომ იმ პაროლს, რაც ინტერენტბანკში გქონდათ დაყენებული, სხვა პლატფორმებზეც იყენებთ - ყველგან უნდა შეცვალოთ აუცილებლად. ეს არის მარტივი წესი, რომელიც ამ ზიანს თავიდან აგაცილებთ", - განმარტავს ინგა ქარჩავა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელფასო დანაზოგი გვაქვს განთავსებული, არ იყოს იმ ბარათზე მიბმული, რომელსაც ონლაინ ტრანზაქციებისთვის ვიყენებთ.