მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფრუტილია”: რუსეთის ბაზარი ექსპორტისთვის უფრო არასტაბილური გახდება

621d020d71b6c
ლიკა გურაბანიძე
02.03.22 09:45
809
„რუსეთის ბაზარი ექსპორტისთვის ადრინდელზე არასტაბილური გახდება“, - ასეთი მოლოდინი აქვთ ცოცხალი ხილის ექსპორტიორ კომპანია “ფრუტილიაში”, რომელსაც პროდუქციის 90% ექსპორტზე სწორედ რუსეთში გააქვს.

კომპანიის დამფუძნებელი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებიდან გამომდინარე, "ეს ბაზარი მეტად არასტაბილური გახდება“. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ექსპორტის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეებისთვის ეს მარტივი არაა.

„ბაზრების დივერსიფიკაცია საჭიროა, თუმცა მარტივი საკითხი არ არის, რადგან მიუხედავად რამდენიმეწლიანი მცდელობისა, ჩვენმა კომპანიამ ეს მაინც ვერ შეძლო. აღსანიშნია ისიც, რომ გართულებული ლოგისტიკის და მერყევი ბაზრის პირობებში რუსეთის ბაზარზეც ოპერირება ჩვენთვის ისედაც რთული იყო და ამ მხრივ, სიტუაცია ახლა უფრო დამძიმდება, თუ გავითვალისწინეთ იმას, რომ რუბლი მკვეთრად უფასურდება. ეს ისედაც არასტაბილური ფასების კიდევ უფრო დიდ მერყეობას გამოიწვევს და რუსეთის ბაზარი მეტად არასტაბილური გახდება.

შედეგად, იძულებულები ვართ ან შევაჩეროთ ექსპორტი ან მაღალი რისკის ფასად საექსპორტო მოცულობები შევზღუდოთ. კარგი გამოსავალია დივერსიფიცირება, თუმცა ეს მარტივი თემა არ არის; ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა სახარბიელო შედეგები არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის ბევრი პროგრამა მოქმედებს, ჩვენს ქვეყანაში იმ ხარისხის პროდუქცია არ არის, რომელიც შეგვიძლია ევროპას ან სხვა ბაზრებს თამამად და დიდი რაოდენობით მივაწოდოთ“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები