მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფშავ-ხევსურეთი და შატილი ცარიელია ... რეგიონი ამოღებულია საქართველოს რუკიდან - ტურ-ოპერატორი

62ea29db1c5f8
მარიამ ადამია
07.08.22 09:56
9700
საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი, გადაცემა “საქმიან დილაში” შატილსა და ფშავ-ხევსურეთში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ლამაზი ფოტოები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, რეალობას არ შეესაბამება.

“ყველამ ვიცით, რომ ეს კუთხე ლამაზია, მაგრამ მხოლოდ სილამაზე არაა საკმარისი, როდესაც 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ გზების, ხიდების, წყლისა და დენის პრობლემებზე. ანუ 2022 წელსაც ზუსტად იმავე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც 20 წლის წინ გვქონდა. ტურ-ოპერატორებს კი გვრჩება შეგრძნება, თითქოს შატილი, ფშავ ხევსურეთი, ამოღებულია საერთოდ საქართველოს რუკიდან,” - ამბობს ია თაბაგარი.

მისივე თქმით, ბევრი ახალგაზრდა დაბრუნდა შატილსა და ფშავ-ხევსურეთში, რომლებსაც აქვთ იდეები და მონდომება, რომ განავითარონ ტერიტორია. მათ მოახერხეს თანხის მობილიზებაც და შექმნეს მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც, მაგრამ გზისა და ხიდების არარსებობის გამო, მოგზაურები ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილებამდე მიღწევას.

“ის პატარა ხიდები, რითიც კვეთდნენ ფეხით მოსიარულეები მდინარეებს და მიდიოდნენ დანიშნულების ადგილას, აღარ არსებობს, ხოლო მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყო ახალგაზრდებისთვის, პირიქით, ყურადღებას არ აქცევს. ამიტომაც შარშანდელთან შედარებით ფშავ-ხევსურეთი და შატილი ცარიელია და ეს მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსასწორებელია,” - განაცხადა საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება გამოსავალს, როგორც ია თაბაგარი ამბობს, აუცილებელია ყველა ხეობას, სადაც კი დასახლებული პუნქტია, მინიმუმ 1 ტრაქტორი ჰყავდეს, რომელსაც სახელმწიფო საწვავითა და ნაწილებით მოამარაგებს. ადგილობრივები კი, ბევრად კარგად მიხედავენ საკუთარ ტერიტორიას. სამუშაო ადგილებიც გაჩნდება და ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.

“შატილში, მოგზაურობისას ყველას ეუფლება სევდა, რადგან ის მოუვლელი და მიტოვებულია. გული შეიძლება შესტკივა სხვადასხვა სამინისტროსა თუ უწყების წარმომადგენლებს, თუმცა ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთმანეთს დააბრალონ ყველაფერი. იქნება ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, თუ დაცული ტერიტორიები. ანუ არ არსებობს არც ერთიანი ხედვა და არც გეგმა. საბოლოოდ, ზარალდება ისევ ეს კუთხე, ტურიზმი და ადგილობრივი მოსახლეობა,” - აღნიშნა ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები