„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ფსიქოტროპულ მედიკამენტების იმპორტს სახელმწიფო განახორციელებს, თუმცა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტების რეცეპტებს ექიმები გამოწერენ და კერძო სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, როგორც აქამდე ხდებოდა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კერძო კომპანიებისთვის ამ ტიპის მედიკამენტების იმპორტის აკრძალვით სახელმწიფოს კონტროლი გაუმარტივდება.
„ინიციატივა უკავშირდება იმპორტს. კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიკრძალება. რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა ექიმები და მათ შორის კერძო კლინიკები იქნებიან პასუხისმგებელნი. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარი ის არის, რომ იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება, როდესაც იმპორტიორი ერთი კონკრეტული სუბიექტია, მას ინტერესი აქვს გაზარდოს რეალიზაცია, ეს თუ ჩაიკეტება ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება ფსიქოტროპული აფთიაქებისა და რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, აუცილებელი იქნება კვლავაც, გამარტივდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. არსებითად გამარტივდება, როდესაც იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, რომ გაზარდოს საკუთარი მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფო კომპეტენცია იქნება. "ოცნების" პრემიერის თქმით, ამასთან ერთად გაძლიერდება კონტროლი როგორც რეცეპტების გამოწერის, ისე მედიკამენტების გაცემის პროცესზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო კერძო სუბიექტებს ნარკოტიკის ჩანაცვლებით თერაპიების სერვისის მიწოდება აუკრძალავს. „სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით ახორციელებს, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.




























