კრიპტობირჟა FTX-ი გაკოტრების პროცედურის დასრულებას და თავისი კლიენტებისა და კრედიტორებისთვის მილიარდობით დოლარის უკან დაბრუნებას გეგმავს.
გარდა ამისა, FTX-მა, შესაძლოა, რებრენდინგი განიცადოს და საქმიანობა აღადგინოს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამჟამად სასამართლოსგან ნებართვის მიღებას ცდილობს, რათა FTX-მა აღდგენის უფლება მოიპოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტობირჟას ახალი ხელმძღვანელობა გაუძღვება და მისი მფლობელობის სტრუქტურაც შეიცვლება. კომპანიის აქციონერებს შორის იქნებიან თავად კრიპტობირჟის დაზარალებული მომხმარებლებიც და ისინი კომპენსაციას სწორედ დივიდენდების სახით მიიღებენ.
ცნობისთვის, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე FTX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და ინოვაციურ კომპანიად ითვლებოდა. გასულ წელს FTX-ს გაკოტრების გამოცხადება მოუწია. პროკურატურის მტკიცებით, კრიპტობირჟა თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა და მისი ხელმძღვანელობა მომხმარებლების აქტივებს არაკეთილსინდისიერად განკარგავდა.