ADB-ის აზიის რეგიონალური ეკონომისტის ლილია ალექსანიანის შეფასებით, დღეისთვის საქართველოში ფულადი გზავნილების წყაროები დივერსიფიცირებულია და ნორმალურ დონეს უბრუნდება. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ზრდის შეფასებისას ფულადი გზავნილების ფაქტორს შეეხებოდა.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, შარშან ეკონომიკური ზრდა, უფრო კონკრეტულად კი კერძო მოხმარება სწორედ უცხო ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი მოცულობით იყო დაჩქარებული. ეს ძირითადად მიგრანტების ფულადი სახსრები იყო. ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს ტალღა ნორმალურ ჩარჩოში ექცევა, აღარ არის გამორჩეული პიკები, რომლებიც თანხვედრილი იყო მიგრანტების საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდინებასთან. თუმცა ეროვნული ბანკის მონაცემები იმასაც გვაჩვენებს, რომ ფულადი გზავნილების წყაროები ახლა უფრო მეტად დივერსიფიცირებულია და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ფულადი გზავნილის შემოდინებას ვაკვირდებით. ეს დასაკვირვებლად ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან ფულადი გზავნილების ლანდშაფტი იცვლება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მიგრანტი საქართველოში ფუძნდება, რაც ართულებს ამ ტიპის ფულადი ნაკადის ფულადი გზავნილის კატეგორიაში მოქცევას, როცა ინდივიდი ქვეყნის შიგნითაა. ყველა ეს ცვლილება საკმაოდ ართულებს სიტუაციის მონიტორინგს – თუმცა, ერთი რაც ნამდვილად თვალშისაცემია, ეს ის ტენდენციაა, რომ ფულადი გზავნილების ნაკადები ნორმალურ დონეს უბრუნდება“, - განმარტა ლილია ალექსანიანმა.