მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

Fulbright
21.06.24 17:23
414
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას 100%-ით უფინანსებს.

წლევანდელი Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკმა სამი გამარჯვებული გამოავლინა:

  • მერი ქადაგიძე სწავლას ვაშინგტონის უნივერსიტეტში, განათლების პოლიტიკისა და ლიდერობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს;
  • იაკობ დადვანი Texas A&M-ის, ბუშის სახელობის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის მიმართულებით ისწავლის;
  • გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სამართლის ფაკულტეტზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.

საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. პარტნიორობის ფარგლებში ბანკის 100%-იანი დაფინანსებით უკვე 12-მა ახალგაზრდამ მიიღო აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე განათლება. წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი ახალგაზრდა შეემატება.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი მიზნების მისაღწევად კი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს Fulbright-ის პროგრამა იკავებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში 12-მა ახალგაზრდამ მიიღო ბანკისგან დაფინანსება, წელს კი მათ რიცხვს 3 სტიპენდიატი შეემატა. გვინდა მივულოცოთ მათ ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ კარიერული და პროფესიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ.

ინფორმაციისთვის:

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.

ამჟამად, მიმდინარეობს „ფულბრაიტის“ 2025-2026 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი. საბუთების მიღება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები