რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკვანძო საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ მინერალების შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც ვაშინგტონის მხრიდან იარაღის მიწოდების გაგრძელებას და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას გულისხმობს, რაც სანაცვლოდ უკრაინის მხრიდან ბუნებრივი რესურსების გაცემას მოიაზრებს.
ამ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის ფოკუსში იშვიათი მინერალებია, რომელთაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში იყენებენ და რომელთა წარმოებაზე მონოპოლია ჩინეთს აქვს, რომელმაც, თავის მხრივ, იშვიათ მინერალებზე სანქცია აამოქმედა და აშშ-ში ექსპორტი შეზღუდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მინერალების სანაცვლოდ იარაღის მიწოდების იდეა ტრამპს არ ეკუთვნის, ეს ინიციატივა, თავდაპირველად, უკრაინის მთავრობის მხრიდან წამოვიდა, რომელზედაც ტრამპი დათანხმდა, რადგან ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ერთს იარაღი და ფინანსური რესურსები სჭირდება, მეორეს კი - მინერალები.
ერთი შეხედვით, შეთანხმება ორივე მხარისათვის მისაღები იყო, თუმცა დოკუმენტის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინამ უკან დაიხია და მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჩავარდა. მართალია, შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა წყაროების მტკიცებით, ტრამპს უკრაინული იშვიათი ბუნებრივი რესურსების თითქმის ნახევრის მითვისება სურდა, რაც კიევმა კოლოსალურ ფასად მიიჩნია და ეს პირობა უარყო. ამერიკის ასეთ სიხარბეს ტრამპი იმ მილიარდობით დოლარით ხსნის, რომელიც ქვეყანამ წლების განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად გასცა და სანაცვლოდ არაფერი მიუღია. როგორც ტრამპი ამბობს, ევროკავშირის ფინანსური დახმარება ჩვეულებრივი სესხი იყო, ამერიკის დახმარება კი უაზრო ქველმოქმედებას ჰგავდა, ამიტომ დახარჯული თანხის ამოსაღებად ტრამპს უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისება სურს.
უკრაინის ტერიტორიის და გეოგრაფიული მოწყობის გათვალისწინებით, ქვეყანა უდიდეს რეზერვებს ფლობს, რომელზედაც გლობალური მარაგების დაახლოებით 5% მოდის. ქვეყანაში ასამდე ტიპის საბადოა რეგისტრირებული. მას შეუძლია ერთ-ერთი მთავარი გლობალური მიმწოდებელი გახდეს ისეთი მინერალების, როგორიცაა: ტიტანი, ლითიუმი, ბერილიუმი, მანგანუმი, გალიუმი, ურანი, გრაფიტი და სხვა. ამასთან, უკრაინა ერთ-ერთია იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, სადაც იშვიათი მინერალების მთელი ასორტიმენტი ერთად მოიპოვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიტანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოსმოსური, სამედიცინო, საავტომობილო და საზღვაო ინდუსტრიებისთვის.
უკრაინა მდიდარია ბერილიუმითაც - მეტალით, რომელიც აუცილებელია ატომური ენერგიის, სამხედრო, აკუსტიკური და ელექტრონული ინდუსტრიებისთვის. ქვეყანას აქვს ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერებების დეპოზიტებიც. ამასთან, უკრაინა ცნობილია ხარისხიანი რკინისა და მანგანუმის მასშტაბური რეზერვებითაც.
ფერადი ლითონების - სპილენძის, ტყვიის, თუთიისა და ვერცხლის რეზერვებით - უკრაინას ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. ამასთან, გრაფიტის გლობალური მარაგების მეხუთედი სწორედ უკრაინაში ინახება. ქვეყანაში ასევე უხვადაა ბრომის, მაგნიუმის, მანგანუმის, ტორფის, რკინისა და სხვა მინერალების საბადოები.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მინერალებით ვაჭრობაზე დამყარებული ურთიერთობა, შესაძლოა, უკრაინის სამომავლო განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნეს, რადგან ამერიკას იარაღის გარდა, უკრაინისთვის ბევრი სხვა რამის მიცემა შეუძლია, მათ შორის კაპიტალის, ტექნოლოგიის და სხვა სახის სერვისების.
ცხადია, ამ მოცემულობას უკრაინაშიც აცნობიერებენ, ამიტომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ვაშინგტონსა და კიევს შორის მართლაც ვიხილოთ შეთანხმების გაფორმება, თუმცა შეცვლილი და გამარტივებული პირობებით, რაც რესურსების ათვისებასთან დაკავშირებით გარკვეულ ლიმიტებს განსაზღვრავს და ამერიკის მთავრობას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ უკრაინა ულიმიტო ბუნებრივ რეზერვად გამოიყენოს.
როგორც ზელენსკი აცხადებს, ვერანაირი საგარეო ზეწოლა მას ვერ აიძულებს, რომ ქვეყანა გაყიდოს. ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სრულად ან სანახევროდ დათმობა კი, მისი შეფასებით, სამშობლოს მომავლის ღალატი იქნება, რასაც ის ვერ დაუშვებს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, გონივრული იქნება მხოლოდ ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ამერიკის მიერ გაცემულ ფინანსურ კონტრიბუციასა და უკრაინის მხრიდან გასაცემი რესურსების შეფასებას ერთმანეთთან გაათანაბრებს და გარიგებას სამართლიანად აქცევს.




























