ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის ლიდერებმა, როგორც ჩანს, ისტორიული მნიშვნელობის გარიგებას მიაღწიეს, რომელიც საზოგადოებაში მინერალების შეთანხმების სახელით არის ცნობილი.
ამ ეტაპზე, დოკუმენტის ხელმოწერის მზაობას ორივე მხარე ადასტურებს და დიდი ალბათობით, ტექსტის საბოლოო ვერსია მაშინ გაფორმდება, როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადად შეხვდება.
გარიგების დეტალები, ამ ეტაპზე, საჯარო არ არის, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ამერიკის მხრიდან ფინანსური რესურსებისა და იარაღის მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინას თავისი ბუნებრივი რესურსების, კონკრეტულად, იშვიათი მინერალების გაცემა მოუწევს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ყველაფერთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლის გაგრძელების უფლებას და დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება ჩავარდება.
თანხის მოცულობას რაც შეეხება, როგორც ჩანს, ტრამპმა ნარატივი შეცვალა და ამჯერად განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან უკრაინაზე მიწოდებული დახმარების მოცულობა ჯამურად 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნაცვლად $500 მილიარდისა, რომელზედაც ის გასული კვირების განმავლობაში აპელირებდა.
ამ კორექციის მიუხედავად, გარიგების მოცულობა ისევ 500 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, თუმცა შეცვლილი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკისა და უკრაინის ჩართულობით სპეციალური ფონდი შეიქმნება, რომელიც მინერალების რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილით შეივსება და ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება. დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში ეს პუნქტი არ იყო ნახსენები და მისი გამოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინა გაცემული რესურსების სანაცვლოდ, გარკვეულ ფინანსურ სარგებელს და მხარდაჭერას მიიღებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმებამდე შეთანხმების პირობების შეცვლა და გარკვეული კორექციების შეტანა არის დაგეგმილი, ამიტომ, ამ ეტაპზე, მხოლოდ პოტენციურ გარიგებაზე გვაქვს საუბარი, რომელიც იქამდე არ შევა ძალაში, სანამ ფურცელზე შავი მელნით ტრამპის და ზელენსკის ხელმოწერები არ აღიბეჭდება.
აქვე, ორიოდე სიტყვა შეთანხმების ლოგიკაზეც უნდა ვთქვათ. ტერიტორიის და გეოგრაფიული მოწყობის გათვალისწინებით, უკრაინა უდიდეს რეზერვებს ფლობს, რომელზედაც გლობალური მარაგების დაახლოებით 5% მოდის. ქვეყანაში ასამდე ტიპის საბადოა რეგისტრირებული. მას შეუძლია ერთ-ერთი მთავარი გლობალური მიმწოდებელი გახდეს ისეთი მინერალების, როგორიცაა: ტიტანი, ლითიუმი, ბერილიუმი, მანგანუმი, გალიუმი, ურანი, გრაფიტი და სხვა. ამასთან, უკრაინა ერთ-ერთია იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, სადაც იშვიათი მინერალების მთელი ასორტიმენტი ერთად მოიპოვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიტანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოსმოსური, სამედიცინო, საავტომობილო და საზღვაო ინდუსტრიებისთვის.
უკრაინა მდიდარია ბერილიუმითაც - მეტალით, რომელიც აუცილებელია ატომური ენერგიის, სამხედრო, აკუსტიკური და ელექტრონული ინდუსტრიებისთვის. ქვეყანას აქვს ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერებების დეპოზიტებიც. ამასთან, უკრაინა ცნობილია ხარისხიანი რკინისა და მანგანუმის მასშტაბური რეზერვებითაც.
ფერადი ლითონების - სპილენძის, ტყვიის, თუთიისა და ვერცხლის რეზერვებით - უკრაინას ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. ამასთან, გრაფიტის გლობალური მარაგების მეხუთედი სწორედ უკრაინაში ინახება. ქვეყანაში ასევე უხვადაა ბრომის, მაგნიუმის, მანგანუმის, ტორფის, რკინისა და სხვა მინერალების საბადოები.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მინერალებით ვაჭრობაზე დამყარებული ურთიერთობა, შესაძლოა, უკრაინის სამომავლო განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნეს, რადგან ამერიკას იარაღის გარდა, უკრაინისთვის ბევრი სხვა რამის მიცემა შეუძლია, მათ შორის კაპიტალის, ტექნოლოგიის და სხვა სახის სერვისების.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ამერიკა-უკრაინის მინერალების შეთანხმება გლობალურ გეოპოლიტიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარიგებად შეიძლება იქცეს, რომელიც სახელმწიფოებს შორის ეკონომიკურ ინტერესებზე და სამხედრო უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ მრავალწლიან ურთიერთობას დაუდებს სათავეს.