მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფული როგორც კონცეფცია: I ნაწილი

64abba6a2cee7
ირაკლი ლაითაძე
08.07.23 13:05
1535
Money is a terrible master
but an excellent servant.
P.T. Barnum

ფული საშინელი ბატონია,
მაგრამ ძალიან კარგი მსახურია.
პ. ტ. ბარნუმი

ყველა ჩვენთაგანისთვის თითქოს გასაგებია, რა არის ფული. და მაინც, რა არის ის? ფუნდამენტურ დონეზე ფული არ არის ქაღალდის ლარი და ალუმინი/ნიკელის თეთრიანები, არც ქაღალდის დოლარი და სპილენძ/ნიკელის ცენტიანები. არც ბანკში არსებული დეპოზიტები, არც მიმოქცევაში მყოფი ობლიგაციები და არც კრიპტოვალუტა არ არის ფული. საბაზისო დონეზე ფული არის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ადამიანების რწმენას, რომ იგი წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას. ფული არის ადამიანების მიერ შექმნილი ფიქცია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ვაჭრობას.

ფულს აქვს სამი ფუნქცია. ის არის როგორც აღრიცხვის ერთეული ასევე ღირებულების და გაცვლითი ერთეული. იყო დრო, როდესაც ფულის სრულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც ფუნქციებს ასრულებდნენ, ვთქვათ, ზღვის ნიჟარები (აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე) ან სიგარეტი (ომის დროს და საკონცენტრაციო ბანაკებში/ციხეებში).

საქონელის და სერვისის გაცვლა ემყარება მხარეთა შორის ნდობას. თუ საქონელი პირდაპირ იცვლება ხელიდან ხელში, მაშინ არსებობს პირდაპირი ნდობა, მაგრამ ასეთი ტრანსაქცია იშვიათად ხდება. არაპირდაპირ ნდობას კი ამყარებს ერთი რამ, ნეიტრალურად აღქმული და ღირებულებით სავსე ერთეული: ფული. რადგან ფული დამოკიდებულია მხარეების ნდობაზე, შესაბამისად მას არანაირი თავისთავადი ღირებულება არ აქვს (განსხვავებით, ვთქვათ, ნაჯახისგან, რომლითაც შეიძლება ხის მოჭრა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე მჯერა მისი ამ შესაძლებლობის თუ არა). ფულს არსებობას აძლევს ადამიანების ნდობა და ეს ნდობა აძლევს მას ძალას. ხვალ მთელმა მსოფლიომ (ოღონდ აბსოლუტურად ყველა ადამიანმა) ერთდროულად რომ ჩათვალოს, რომ აშშ დოლარი, არაფერი არ არის გარდა მწვანე ქაღალდისა, ის გაუფასურდება და მართლა მხოლოდ მწვანე ქაღალდი იქნება. ასევე ფული წარმოადგენს პოლიტიკური ინსტიტუტების პროდუქტს. სახელმწიფოს უნარი, აკონტროლოს ფულის რაოდენობა და შექმნას ახალი ფული, მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტისათვის არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

რა ევოლუცია განიცადა ფულმა?

ფული განვითარდა პრიმიტიული ბარტერიდან კრიპტოვალუტამდე. ფული გაჩნდა როგორც უცხო ადამიანებს შორის ვაჭრობის და თანამშრომლობის ხელშემწყობი საშუალება. საუკუნეთა განმავლობაში რაც უფრო კომპლექსური ხდებოდა საზოგადოება, მით უფრო იზრდებოდა გაცვლის ერთიანი საშუალების აუცილებლობა. ღირებულების და საკუთრების მცნებები უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანისთვის. ფულის პირველი ერთეულები იყო ქვები და საქონელი. ეს ნივთები ფასდებოდა მათ სარგებლიანობის, იშვიათობის, მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით.

სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის შემდეგ ადამიანთა დასახლებების სიდიდის ზრდასთან ერთად ეკონომიკის და ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნილება ფულზე. პრიმიტიული ფულის მეტალის ფულით ჩაბაცვლებამ დიდი ეფექტი მოახდინა ფულის ევოლუციაზე. მეტალის ფულის შემოსვლამ ხელი შეუწყო ცენტრალიზირებული პოლიტიკური სტრუქტურების და სახელმწიფოს გაჩენას. მონარქებს მეტალის ფული აძლევდა საშუალებას შეექმნათ ბიუროკრატია და არმია. ცხადია, მეტალის ფულმა გაზარდა საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა, რამაც დადებითი როლი ითამაშა ეკონომიკური განვითარებისა და დოვლათის დაგროვებისთვის.

საბანკო საქმიანობის საწყისს პერიოდში, ოქროთი მოვაჭრენი ინახავდნენ ოქროს და სხვა მეტალის ფულს და სანაცვლოდ იძლეოდნენ ქვითარს, რომ ამ რაოდენობის ოქრო შენახულია მასთან. ნელნელა ხალხმა დაიწყო ამ ქვითრებით საქონლის და მომსახურების შეძენა. ასე დაიწყო არსებობა ქაღალდის ფულმა, რომელიც დღესაც მიმოქცევაშია.

ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ფული მხოლოდ ფიზიკურად არსებობდა. თანამედროვე ეპოქაში, Fiat ფულს უმეტეს შემთხვევაში აქვს ელექტრონული ფულის ფორმა, რომელიც დომინირებს ვაჭრობას და საბანკო ტრანზაქციებს. Fiat ფულის უკან დგას მთავრობა, ცენტრალური ბანკი და რაც მთავარია ის ნდობა, რომელსაც ხალხი ანიჭებს ამ ინსტიტუტებს.

ხოლო Fiat ფულის უკან, როგორც წესი, არ დგას მატერიალურად ხელშესახები აქტივები, იქნება ეს ოქრო თუ სხვა ფიზიკური რეზერვები. ფუნდამენტურად, ის ვერ გამოისყიდის ოქროს ან სხვა საქონელს per face value. რატომ? იმიტომ, რომ - როგორც ზემოთაც ვახსენე - Fiat ფულს არ აქვს თავისთავადი, შინაგანი ღირებულება.

ახალ ეპოქაში ფულმა არათუ სხვა ფორმები შეიძინა (ელექტრონული) არამედ გამოჩნდა მისი ალტერნატივა კრიპტო ვალუტა.

ფულის კონცეფციაზე საუბარს გავაგრძელებ მე-2 ნაწილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები