მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფული როგორც კონცეფცია: II ნაწილი

64bba0ef1b358
ირაკლი ლაითაძე
22.07.23 13:10
1018
ის კი არ არის ღარიბი, ვისაც ცოტა აქვს,
არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა.
სენეკა

ფულის, როგორც კონცეფციის აღქმისთვის, ალბათ საჭიროა გავიაზროთ თუ როგორ ვითარდებოდა მსოფლიო სავალუტო სისტემა.

ბარტერი არის ვაჭრობის უძველესი ფორმა. იგი ახლაც კი, გამონაკლისის სახით, გვხვდება ექსტრაორდინარულ და/ან ძალადობრივ სივრცეებში, იქ სადაც აღარ ფუნქციონირებს აპრობირებული სისტემები: ომი და ციხე. ბარტერის დროს საქონელი და მომსახურება პირდაპირ იცვლება სხვა საქონელში და მომსახურებაში. საბარტერო სისტემის განსაკუთრებულად უარყოფითი მხარე არის მისი გამოყენების მკვეთრი შეზღუდულობა. ერთმანეთთან ზუსტად ან დაახლოებით მაინც კი, შეპირისპირებული სხვადასხვა საქონელის და სერვისის შექმნის შანსი საკმაოდ მცირეა. მაგალითად, მე მომყავს ხორბალი და მინდა ამ ხორბლით ვიყიდო, ვთქვათ ქუდი. რა მივცე 1 ქუდში - 1 კგ, 5 კგ თუ 50 კგ ხორბალი? იგივე კითხვა, ოღონდ რევერსირებული, აწუხებს ქუდის მფლობელს: რა მოვითხოვო 1 ქუდში - 1 კგ, 5 კგ თუ 50 კგ ხორბალი? ან კი სად ვნახო ის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს ისეთი ქუდი, როგორიც მე მინდა და უნდა ამ ქუდში მაინცდამანიც ხორბალი მიიღოს? ამავე დროს, თავისთავად ხორბალს და ქუდს თავიანთი შინაგანი ღირებულება აქვს. მე მჯერა თუ არ მჯერა - ხორბლისგან პური (და არა მარტო პური) კეთდება და ქუდიც დამიცავს მზისგან (თუ წვიმისგან ან იგი იქნება მთლიანი სამოსელის ელეგანტური ელემენტი). ფულთან დაკავშირებით ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ ეს სიფრიფანა ქაღალდი არის როგორც ღირებულების, ასევე საზომის მატარებელი. კიდევ ერთხელ - ფული ფიქციაა, რომელიც მხოლოდ ჩვენს რწმენას ეფუძნება.

საბარტერო სისტემა დეცენტრალიზირებული ვაჭრობის ფორმაა და გამოიყენებოდა ადრეულ ცივილიზაციებში, ხოლო თანამედროვე ეპოქაში მონეტარული სისტემა არის ის ცენტრალიზირებული სტრუქტურა, რომელშიც ფული გამოიყენება, როგორც გაცვლითი ერთეული. ფულის უკან ასევე დგას პოლიტიკური სისტემები, რომელთაც შეუძლიათ მისით მანიპულირება (არათუ სარეზერვო თუ სესხის განაკვეთების ცვლილება, არამედ ვალუტის ფუნდამენტური საყრდენის ცვლა თუ გამოცლა - მაგალითად, ოქროს სტანდარტის გაუქმება 1971 წელს). მიუხედავად სახელმწიფოს მიმართ გლობალურად ზრდადი უნდობლობისა, მონეტარული სისტემა (ჯერჯერობით) მყარია.

მოკლედ შევეხოთ კრიპტოვალუტის საკითხს. არა იმას, თუ რა არის იგი (ესეც კი საკამათო საგანია), არამედ როგორ განვსაზღვროთ მისი ინფლაციურობა და დეფლაციურობა. რადგან კრიპტოვალუტა ვალუტის ახალი ფორმაა, უამრავი საკითხი მისი არსის და ეფექტის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანია და არსებობს ავტორიტეტული, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ამ საკითხებზე.
კრიპტოვალუტის ინფლაციურ-დეფლაციური ამოცანის გადაწყვეტისთვის კალკულაციაში უნდა მონაწილეობდნენ მათზე მოთხოვნა, მათი მოწოდება, გამოყენების სფეროები, ფასის რყევის (volatility) ზღვრები და სტაბილურობა. განსხვავებით სტანდარტული მონეტარული სისტემისგან, სადაც ზემოხსენებული კომპონენტების სტატისტიკას ეროვნული ბანკები აქვეყნებენ, კრიპტოვალუტის მონაცემები შედარებით ნაკლებად სანდოა, რადგან არ არსებობს ერთიანი ორგანო, რომელიც ამ სტატისტიკას აწარმოებს.

თუ კონკრეტული კრიპტოვალუტის მოწოდების ოდენობა ცვლადია, მაშინ ის შეიძლება იყოს როგორც დეფლაციური, ასევე ინფლაციური. ეს დამოკიდებულია დროის სხვადსახვა, მაგრამ ტოლ მონაკვეთებში თუ რა რაოდენობით კრიპტოვალუტა ჩნდება ბაზარზე. ხოლო თუ კონკრეტული კრიპტოვალუტა მოწოდება ფიქსირებული მოცულობითაა, ის სავარაუდოდ, დეფლაციური გახდება, რადგან სხვა ინფლაციური კრიპტოვალუტების ფონზე მისი ფასი შემცირდება დროთა განმავლობაში შემცირდება (მაგრამ სულ არ გაუფასურდება). ინფლაციური კრიპტოები უფრო ინტენსიურად იხარჯება სხვადახვა საქონელის თუ მომსახურების შესაძენად (ანუ მათ ახასიათებთ მაღალი სიჩქარე (velocity)), და მათით ვაჭრობა ბაზარზე ასევე უფრო ხშირია.

კრიპტოვალუტამ ვერ შეძლო არსებული მონეტარული სისტემის ჩანაცვლება, როგორც ბევრი იდეალისტი და ასევე ბევრი პრაგმატული ფინანსისტი პროგნოზირებდა. კრიპტოვალუტამ შეძლო თავისი ნიშის შექმნა მსოფლიო სავალუტო სისტემაში, მაგრამ იგი ამ სისტემის ჩამანაცვლებელი ვერ გახდა და ჩემი აზრით, ვერც გახდება. რატომ? სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოთა გაერთიანებებისთვის (განსაკუთრებით, აშშ-თვის, იაპონიისთვის, ჩინეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ.) საკუთარი ვალუტა და ავტონომიური მონეტარული პოლიტიკა რჩება როგორც შიდა სტაბილურობის, ასევე გლობალური გავლენის ერთერთ უძლიერეს ინსტრუმენტად და დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტას რომც შეეძლოს, ეს ქვეყნები უბრალოდ არ მისცემენ მას თავიანთი მონეტარული სისტემების განდევნის საშუალებას.

ბლოგის - ფული, როგორც კონცეფცია - მესამე ნაწილს მოგაწვდით უკვე სექტემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები