მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრების შესახებ ქართული კანონმდებლობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ბიზნესმენის სარჩელი

კახა კოჟორიძე

თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბარიშ ინანის, ადვოკატებმა, კახა კოჟორიძემ და მაიკლ ფოლაქმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ბიზნესმენის მოთხოვნაა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის (ფულის გათეთრება) ის ნაწილები, რომელიც პრაქტიკაში არასწორად გამოიყენება პროკურატურის მიერ და აზიანებს როგორც საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ასევე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს.

საქმე შეეხება პროკურატურის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც ფულის გათეთრების მუხლით იწყებს საქმეებს იმის მიუხედავად, რომ საქმეში არც ცდილობს დაასაბუთოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციის პროცესი.

საქმე ისაა, რომ ფულის გათეთრება თავის თავში გულისხმობს მისი პრედიკატული დანაშაულის არსებობას, პრედიკატული დანაშაული შეიძლება იყოს თაღლითობა, მითვისება, ქურდობა, ნარკოდანაშაული თუ სხვა. სწორედ ამ დანაშაულებებიდან მიღებული ფულადი ნაკადების შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით ხდება ფულის გათეთრების დანაშაულები. თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პირს ბრალი წაეყენოს არა მხოლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების, არამედ დაუსაბუთებელი ქონების გამო.

ბიზნესმენ ბაშირ ინანის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საქმე უკავშირდება ბიზნესმენის მიერ ქართულ ბანკში დეპოზიტის სახით განთავსებულ 7 მილიონ ლარს, რომელიც ბიზნესის დასაწყებ კაპიტალს წარმოადგენდა. თანხის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ინანმა ბანკს წარუდგინა ჩრდილოეთ კვიპროსში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა კოჟორიძის თქმით, პროკურატურა ამ დოკუმენტებში ვერ გაერკვა და იმის გამო, რომ საქართველო ჩრდილოეთ კვიპროსს ქვეყნად საერთოდ არ აღიარებს, თანხების წარმომავლობის დადასტურება ვერ მოხდა. ამას 2021 წელს მის წინააღმდეგ სარჩელი მოჰყვა, რომელზეც საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენის დაკავების განკარგულება გასცა.

კახა კოჟორიძის განმარტებით, ბიზნესმენი საქართველოში სარესტორნო ბიზნესის მიმართულებით გეგმავდა ინვესტირების დაწყებას.

“მას დაწყებული ჰქონდა კაფე-ბარებისა და სარესტორნო ბიზნესში საქმიანობა, დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებები და ამ მიმართულებით გააჩნდა გეგმები. პრობლემები შეექმნა 2021 წელს. მან ბანკის ანგარიშზე შეიტანა 7 მილიონ ლარზე მეტი და მოითხოვეს ამ თანხის წარმომავლობის დოკუმენტაცია, მან როდესაც გაუგზავნა, ისინი ვერ გაერკვნენ ამ დოკუმენტებში.

მას ჩრდილოეთ კვიპროსში ჰქონდა რამდენიმე უძრავი ქონება. ერთ-ერთი უძრავი ქონება გაყიდა, ამ ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა. ერთსა და იმავე ქონებაზე აქვს ორჯერ დადებული ხელშეკრულება და ორჯერ დადო იმიტომ, რომ ერთხელ როდესაც დადო, ის არ შეასრულა მყიდველმა და თანხა არ გადაუხადა. შემდეგ ეს დადებული ხელშეკრულება გააუქმა და ახალი დადო. მან წარადგინა ახალიც და გაუქმებულიც, თუმცა პროკურატურამ ჩათვალა, რომ რანაირად შეიძლება ერთსა და იმავე ქონებაზე ერთსა და იმავე პირთან დაიდოს სხვადასხვა ხელშეკრულება, თუმცა თანხა სხვადასხვა იყოს მითითებულიო. თუმცა, პროკურატურა არ დაუკვირდა იმას, რომ თავდაპირველად დადებული ხელშეკრულება იყო ოფიციალურად გაუქმებული და 2 წლის შემდეგ იყო დადებული ახალი ხელშეკრულება, რა პერიოდშიც უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილი იყო და შესაბამისად ნასყიდობის ფასიც გაიზარდა. პროკურატურამ კი ჩათვალა, რომ რანაირად მოხდა რომ ერთსა და იმავე ქონებაზე სხვადასხვა ფასის გარიგებები დაიდო. ჩვენ ვუხსნით, რომ ორჯერ კი არ არის ეს ქონება გაყიდული, არამედ პირველად რომ დაიდო ხელშეკრულება, ის გაუქმდა და დაიდო ახალი ხელშეკრულება. ამაზე პასუხია რომ ჩრდილოეთ კვიპროსი არაღიარებული რესპუბლიკაა და იქ დადებული ტრანზაქციები არის კითხვის ნიშნის შემცველი.

თუმცა, თავად პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს უკანონო შემოსავალი იყო, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ.

პირველ ინსტანციაში არის საქმე, ჯერჯერობით დამნაშავედ არ ითვლება, რადგანაც არ არის გამამტყუნებელი განაჩენი მიღებული. თუმცა პრობლემაა, რომ მას დაყადაღებული აქვს აქტივები.

როგორც ჩანს, რომ მას დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული, არც თურქეთი და არც ბრიტანეთი ამ პატიმრობას არ ცნობს და მისი დაკავება არ ხდება, რადგან როგორც ჩანს არ ენდობიან საქართველოს სასამართლოს,”- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კითხვაზე თუ რატომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, უფლებადამცველი განმარტავს, რომ ამ მუხლის გაუქმებით საქართველოს საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდება, რადგანაც ანალოგიური მუხლით ბრალი ბაშირ ინანის გარდა სხვა ინვესტორებსაც აქვთ ბრალი წარდგენილი.

“ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის და ზოგადად, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად, რადგან ის ნორმა, რომლის გაუქმებაც ჩვენ გვინდა, პროკურატურას აძლევს უფლებას ფულის გათეთრებად მიიჩნიოს არამხოლოდ ის შემთხვევები, რაც სტანდარტულად საერთაშორისო ნორმებით ითვლება ფულის გათეთრებად, როდესაც დანაშაულის გზით მიღებული ფულის გათეთრებაზე, პროკურატურას უფლებას აძლევს ფულის გათეთრებად მიიჩნიოს დაუსაბუთებელი ქონება. პირობითად თქვენ თუ გაქვთ საბანკო ანგარიშზე თანხა, ან თუ გაქვთ სახლი, რომელიც ღირს 100,000 დოლარი მაგრამ თქვენი ოფიციალური ხელფასი არის დაბალი და რითიც ვერ იყიდდით სახლს, პროკურატურას უკვე მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საკმარისია ფულის გათეთრების დასადასტურებლად, მაშინ როდესაც ფულის გათეთრება არის საერთაშირისო დანაშაული და იმისთვის, რათა დაამტკიცო გათეთრება, ჯერ უნდა დაამტკიცო შავი ფულის არსებობა, ამ შემთხვევაში პროკურატურა იმარტივებს საქმეს, არ ცდილობს დაამტკიცოს შავი ფულის არსებობა და თუ არ დაადგინა, შავი ფულის არსებობა, ვერც გათეთრება ვერ იარსებებს, სწორედ ამას ამბობს საერთაშორისო ნორმა. ეს ლოგიკა ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგანაც მე მოქალაქე თუ მე ბიზნესმენი, მე ბრალდებული არ ვარ ვალდებული ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს, სწორედ ის არის ვალდებული გიმტკიცოს დანაშაულის არსებობა,”- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები