იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს.
“პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლად არჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
67 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. მისი მხარდაჭერა კორუფციული სკანდალის ფონზე შემცირდა, რომელიც დაკავშირებული იყო მის პარტიასთან. მხარდაჭერის შემცირების მიზეზი იყო ასევე ცხოვრების გაზრდილი ხარჯები და იენის გაუფასურება. გასულ თვეში მისი რეიტინგი 15,5%-მდე დაეცა - ყველაზე დაბალი პრემიერ-მინისტრისთვის ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.