დევიდ კრამერი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორია. 2008–2009 წლებში დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში. 2010-2014 წლებში ის Freedom House-ის პრეზიდენტი იყო.
დევიდ კრამერი „ანალიტიკა“–მ თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩაწერა, რომლის მასპინძლებიც უკვე ტრადიციულად არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
- მინდა 2018 წელს თქვენს მიერ ნათქვამი ფრაზა შეგახსენოთ – მაშინ ასეთი რამ თქვით: „საქართველო ის ქვეყანაა, რომლის 20%–იც ოკუპირებულია. ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ სჭირდება, სწორ გზაზე დარჩეს. საქართველო ვერ მისცემს თავს უფლებას რაიმე ფუნდამენტურად შეეშალოს. ასეთი რამის თავიდან აცილება მას შეუძლია. მე ძალიან მჯერა და უდიდეს პატივს ვცემ მის ხალხს და ზუსტად ვიცი, ისინი სწორად იმოქმედებენ“ – დღესაც იგივეს იტყოდით ალბათ ..
-მართლა კარგი ციტატაა ...
-ნამდვილად.
-დიახ. დიახ. 5 წლის შემდეგაც ალბათ იგივეს ვიტყოდი.
-მაგრამ ალბათ, ფუნდამენტური შეცდომა რა იქნებოდა, ეს შეცვლილია, არა?
ასე ვიტყოდი – ყველაზე დიდი შეცდომა თუ პრობლემა – ერთი ადამიანის – ივანიშვილის – უსაზღვრო გავლენაა. გარედან ასე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა მის წინაშე უფროა ანგარიშვალდებული, ვიდრე საქართველოს ხალხის მიმართ. პარლამენტიც მისი კარნახით იქცევა.
-საიდან ვიცით ეს ყველაფერი? "ქართული ოცნება" უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში – ხომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ისინი უკვე დამოუკიდებლად არიან იმ ფაზაში, როცა სურთ ძალაუფლების შენარჩუნება? ყველგან ივანიშვილს ხომ არ ვხედავთ?
-სამართლიანი შენიშვნაა და მგონია, რომ ნაწილობრივ მართალიც არის. მაგრამ თქვენ მე მკითხეთ, რა იქნებოდა შექმნილ ვითარებაში ფუნდამენტური შეცდომა – მე მგონია, რომ ეს იქნება ერთი ადამიანისთვის ანგარიშვალდებულების გარეშე დიდი გავლენის მინიჭება. მე მჯერა, რომ ქართულ ოცნებას სურს რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ამაში უნიკალური არაფერია. მაგრამ ამ სურათს სხვა მსგავსი სურათებისგან სწორედ ერთი კაცის შეუზღუდავი გავლენა გამოარჩევს.