დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელსა და ირანს ატომური შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობის განახლებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, არსებული ვითარება ახლა ყველაზე დიდ შესაძლებლობას იძლევა, რადგან მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აქვთ დადებული და ვიდრე მდგომარეობა ისევ არ დაიძაბება, უმჯობესია, ორმა ქვეყანამ ყოვლისმომცველ და ღირებულ დოკუმენტზე მუშაობა განიხილონ.
დიდი შვიდეულის ეს განცხადება ეხმაურება საერთაშორისო მოწოდებებს. არაერთი ქვეყანა შიშობს, რომ თუ ქმედით სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმდა, დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება და შტატების მიერ მიყენებული დარტყმების საპასუხოდ, ირანი დააჩქარებს ატომური პროექტის განხორციელებას.
გასული თვეების განმავლობაში, თეირანი და ვაშინგტონი ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა, როგორც ცნობილია, ამან შედეგი არ გამოიღო. პრეზიდენტმა ტრამპმა ნეთანიაჰუს ხელისუფლების პოზიცია უფრო სარწმუნოდ მიიჩნია და 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ თავადაც შეუერთდა ისრაელს ირანის ატომური პროგრამის განადგურების პროცესში. დამდგარი შედეგის მიუხედავად, თეირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი პროექტი მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ატარებდა და მასზე მუშაობას აუცილებლად განაახლებს. სწორედ ეს აშფოთებს დიდ შვიდეულს, რომელთა წევრების შეფასებითაც, თუ მხარეებმა არ აღადგინეს მოლაპარაკებები, ეს საკითხი მოუგვარებელ თავის ტკივილად დარჩება როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოსთვის.
დიდმა შვიდეულმა ასევე დაგმო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მკვლელობისკენ მოწოდება, რომელიც ირანულ მედიაში გავრცელდა. როგორც ცნობილია, ირანელმა პარლამენტარებმა ის ისრაელის აგენტად გამოაცხადეს. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღჩმა უარი განუცხადა გროსს, ჩასულიყო ირანში და თავად ენახა დაბომბილი ატომური ობიექტები. დიდი შვიდეულის შეფასებით, ირანის მიერ რაფაელ გროსის წინააღმდეგ გაჟღერებული მოწოდებები არ ეხმარება ვითარების დესტაბილიზაციას და, პირიქით, აქრობს საერთო შეთანხმებისკენ ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.
ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი საერთაშორისო მოწოდებებს გაითვალისწინებს და გრძელვადიან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაუბრუნდება. თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი არ აპირებს უკან დახევას. როგორც ცნობილია, გაეროში გამოსვლისას ირანის პირველმა დიპლომატმა კატეგორიულად გამორიცხა ატომური პროგრამის შეწყვეტა და აღნიშნა, რომ ქვეყანა არ აპირებს ამ გადაწყვეტილების გადახედვას.




























