პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან აშშ-ის 14 სენატორის იმ განცხადებას უპასუხა, რომლითაც აშშ-ის სენატი პრემიერ-მინისტრს რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდებს. პაპუაშვილის თქმით, სენატის პოზიცია “საკვირველი და იმედგამაცრუებელია”.
“ეს პოზიცია გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი და იმედგამაცრუებელია, რომ იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ იზიარებენ სრულად: რომ გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპებია.
ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ ამ სფეროებში [არასამთავრობო სექტორი და მედია] გვქონდეს გამჭვირვალობა. ამ მოწოდებების ნაცვლად უფრო მარტივი იქნებოდა კონგრესისა და სენატისთვის, რომ იზრუნონ და გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდი, არაერთი დაპირების მიუხედავად, არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში და ამტკიცებს, რომ ფონდი პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, რასაც ხელისუფლება შემთხვევით იგებს.
“ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია და დამპირდნენ რამდენჯერმე, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროებული იქნებოდა, არც ერთხელ სიტყვა არ შესრულდა. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ამერიკელი მოქალაქეების ფული შემოვლითი გზით იხარჯება პარტიების, რადიკალური ჯგუფებისა და დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში - ეს ჩრდილს აყენებს ამერიკულ დახმარებას საქართველოში”, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. წერილში, 14 სენატორი ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, “უცხოეთის გავლენის აგენტის” კანონი ჩააგდოს.