საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოფიციალურად დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის გადადგომა.
35 წლის ატალი, რომელიც თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია, თანამდებობას წლის დასაწყისიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მისი კაბინეტი დარჩება პარიზის ოლიმპიადის დროს, სანამ მთავრობის ახალი მეთაური იქნება წარდგენილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ, როგორც დროებითი მთავრობა სახელმწიფოს უწყვეტობის უზრუნველყოფაზე. დროებითი მთავრობის მიერ ამ შუალედურ პერიოდში პოლიტიკური ზომების მიღება შეზღუდულია.
გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმართა. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს ირჩევდნენ, მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენე ალიანსმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა, ხოლო მესამეზე - მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება.