ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ დღეს გაცხადებული სტიმულებით, ვაქცინაციის 10%-იანი მატება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა.
რაც შეეხება ვადებს, თუ რამდენი ხანი დაელოდება მთავრობა ახლად ამოქმედებულ ინტერვენციებს და როდის იფიქრებს მის გაფართოებაზე, თამარ გაბუნია პასუხობს: „უნდა დავფიქრდეთ, ვნახოთ როგორ იმუშავებს, აღსრულება წარმატებით მოხდება თუ არა და ა.შ. გაყალბების რისკი ყოველთვის არსებობს. ყველაფერს სჭირდება აღსრულება და მთავარია ფურცელზე არ დარჩეს, არ იყოს ფორმალური. დეკემბერსა და იანვარში ალბათ დავაკვირდებით“.
ცნობისთვის, 1-ელი დეკემბრიდან, რიგ ობიექტებში "მწვანე პასპორტების" რეგულაცია ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო, თუმცა ახალი მექანიზმი, რომელმაც აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის გზით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა დააჩქაროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.




























