მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაჭირვებული ადამიანი მევახშესთან რომ მიდის, ეგეთი [ქვეყნების] ხელში აღმოჩნდება საქართველო - რჩევები "ოცნებას"

ნიკა შურღაია

ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, გლობალურ სატარიფო ომს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიძლება პირდაპირი გავლენა ნაკლები ჰქონდეს, ვიდრე - ირიბი ნეგატიური ეფექტი.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აშშ-ის საპასუხო სატარიფო პოლიტიკის შეფასებისას განაცხადა, რომლის საბაზისო 10%-იანი ტარიფი საქართველოსაც ეხება.

ფინანსისტმა ორი მიმართულება გამოყო, რაზედაც მისი აზრით, სატარიფო ომი და მისგან გამომდინარე, სავარაუდო, გლობალური ეკონომიკური რეცესია ნეგატიურად აისახება.

  1. გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე - მსოფლიოში თუ ეკონომიკური რეცესია დაიწყო ან ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, რაც მოსალოდნელია, ეს პირველ რიგში, ტურიზმის დანახარჯებს შეეხება, რადგან ასეთ დროს ტურიზმის ხარჯების შეკვეცა ხდება; ამდენად, სავარაუდოა, რომ საქართველოს ტურიზმის შემოსავლები შემცირდება.
  2. გავლენა ფულად გზავნილებზე - ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ფულს რიცხავენ აშშ-დან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ამიტომ ბუნებრივია, თუ ამ ქვეყნების ეკონომიკებში გამოწვევები დაიწყო, შესაძლოა, ეს აისახოს იქ დასაქმებული ჩვენი ემიგრანტების შემოსავლებზე და შესაბამისად - საქართველოს ფულად გზავნილებზე.

„წერტილში“ ნიკა შურღაიამ ისაუბრა მოსალოდნელი გლობალური რეცესიის გავლენაზე ნავთობის ფასზე და შესაბამისად, საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასზე.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები, რეცესიის საფრთხის მატების ფონზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯი შეგვიმცირდება, მაგრამ ვნახოთ, ჩვენი იმპორტიორები როგორ მოიქცევიან; მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია უკუეფექტი - 2015 წელს, როცა ძალიან დავარდა ნავთობის ფასები, ჩვენ პირიქით დავზარალდით, რადგან ლარი დაგვისუსტდა და გამოჩნდა, რომ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ხარჯვას და ფულად გადმორიცხვებს უფრო ძლიერი დადებითი ეფექტი ჰქონია, ვიდრე ნავთობის იმპორტს. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, მსოფლიოს ეკონომიკაც სხვანაირია და დაველოდოთ, რა გავლენა ექნება“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ფინანსისტმა და ბიზნესის მრჩეველმა რჩევები „ქართული ოცნების“ მთავარობასაც მისცა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერი „სატარიფო ომში“ რისკებზე უფრო შესაძლებლობებს ხედავს.

„აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, 10%-იანი გადასახადი, არსებულ 4%-თან ერთად, ანუ ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აშშ-ის თავისი ღვინის დიდი ინდუსტრია აქვს და არ მგონია, 10%-იანი საბაზისო ტარიფების პირობებში ჩვენი ექსპორტი გაიზარდოს ან თუ გაიზარდა - უმნიშვნელოდ. [ნეგატიური] ირიბი ეფექტი კი ბევრად დიდი იქნება და იმედი მაქვს, ბატონი ლევან დავითაშვილი ოპტიმისტური განცხადებების გარდა, რომ შესაძლებლობას ხედავს ამ ახალ ტარიფებში, საფრთხეებსაც შეხედავს.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებსაც მოვუწოდებ, ამაზე იფიქრონ და თავი დაანებონ ლარის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევას ანუ ფასადურად გაძლიერებას და სავალუტო რეზერვების ხარჯვას და შემდეგ ერთბაშად დარტყმის მიღებას.

„სავაჭრო ომი“ და არსებული ვითარება მსოფლიო ეკონომიკისთვის ნეგატიურია. რეცესიული პერიოდია მოსალოდნელი, რასაც ჩვენზეც ექნება გავლენა, ამიტომ რიხით ქცევას და პოზიციას - „ყველაფერი კარგად არის“ - სჯობს, იფიქრონ რეალურ თავდაცვაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ და იქვე დასძინა, რომ საშინაო და საგარეო მიმართულებით არსებული საქართველოს გამოწვევები და გლობალური „სატარიფო ომი“ ეკონომიკის ფუნდამენტურ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.

„მე ვამბობ ხოლმე, რომ ცხელ ტაფას ხელი არ მოჰკიდო, დაგეწვება და მერე ამბობენ, რომ შენ გინდოდა, ხელი დაგვწვოდაო... ვურჩევ მთავრობას, იზრუნოს ეკონომიკაში ნეგატიური ფაქტორების გამოსწორებაზე. რას ვგულისხმობ:

  1. მტერი და მოყვარე აგვერია, შიგნითაც და გარეთაც; რას ნიშნავს ეს - ჩვენს ტრადიციულ, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილ პოლიტიკურ და სავაჭრო პარტნიორებს ზურგი ვაქციეთ; [„ოცნების“] პრემიერი ხან ირანში დადის და ხან კიდევ თემურ ლენგის ძეგლს ნახულობს; 9 აპრილს კი ისეთი განცხადებები გააკეთა, ვერ გავარჩიეთ "უცხო ძალაში" ვის და რას გულისხმობდა.
  2. მტკივნეული რიტორიკის გარდა, ვხედავთ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილის გარიყვის, ყოველგვარი იზოლირების და მარგინალიზების მცდელობას. ათი თუ ასიათასობით პროდუქტიული და ნიჭიერი ადამიანი რომ ეთიშებ საზოგადოებრივ ცხოვრებას, ეს კარგს ვერაფერს მოიტანს. ეს მოუგებელი ბრძოლაა. თუ ამ ხალხს გაყრიან, ან ისეთ დეპრესიაში ჩააგდებენ, რომ უუნაროები გახდებიან, მათი რესურსი მხოლოდ მოაკლდება ქვეყანას და არ მგონია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაიტანოს თავის წაკვეთა, რაც 1924 და 1937 წლებში მოხდა ანუ გონიერი და ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ასე არ იქცევა.
  3. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლი - უკანონო სივრცეში ვცხოვრობთ. რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 5000 ლარით აჯარიმებენ მოქალაქეებს, როცა დაცული არაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება; დარღვეულია კონსტიტუციის 78-ე მუხლიც. ფაქტობრივად, კანონიერება მომსპარია ქვეყანაში.
  4. საქართველოს ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი აქვს; ახლა ემატება კაპიტალის ნაკადების შემცირება, რაც გარემო ფაქტორების გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება.
  5. საქართველოში მორღვეულია ინსტიტუციები - თავისი აზრი რომ ჰქონდეს რომელიმე უნივერსიტეტის რექტორს ან ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ან რომელიმე სახელმწიფო საწარმოს უფროსს, ამ ადგილზე არ გააჩერებდნენ. ერთეულების გარდა, ყველა [უწყება] ლოიალური კადრებით ჰყავთ დაკომპლექტებული; ისინი ასრულებენ ყველანაირ ცუდ დავალებას, რაც აუცილებლად ცუდი შედეგის მომტანია.
  6. საქართველოს არ აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არაა ანუ გაჭირვების და კრიზისის შემთხვევაში, მშველელი არავინ გვეყოლება და აღმოვჩნდებით მტაცებლების ხელში - ძალიან გაჭირვებული ადამიანი მევახშესთან რომ მიდის ბინის დასაგირავებულად, ეგეთი [ქვეყნების] ხელში აღმოჩნდება ქვეყანა“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები