დედაქალაქის მერია ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
თბილისის მერიის განმარტებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეციალურ ტექნიკაზე, მათ შორის მეტროს ვაგონებზე, გაწეული მოვლა-შენახვის ხარჯები. აუდიტი 2023–2024 წლების პერიოდს მოიცავს და როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებებს ეხება.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ თბილისის ფილიალს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურებას ეხებოდა.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მასალების შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვები, რომლებიც დამატებით რეაგირებას საჭიროებდა, რის საფუძველზეც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა.
თბილისის მერიის განმარტებით, სწორედ აღნიშნული მასალები დაედო საფუძვლად გამოძიების დაწყებას.
" აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.
მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, ჩატარდა.



























