გაჩუმების დრო ნამდვილად არ არის, 350-მდე სტარტაპმა მოაწერა ხელი განცხადებას და ეს მაჩვენებელი მზარდია, - ამის შესახებ Globalize-ის დამფუძნებელმა, სალომე კუკავამ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არავის დარწმუნება არ გამხდარა საჭირო და პოზიციის დაფიქსირების საკითხი რამდენიმე წუთში დაორგანიზდა.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან Globalize-ში და ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არ ყოფილა. ამ ადამიანების აზრს როცა ვუსმენ, თანხვედრაშია ერთმანეთთან. ყველას გვსურს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს“, - თქვა სალომე კუკავამ და დასძინა, რომ მან Globalize-ის წევრებს შესთავაზა, თუ არ ეთანხმებოდნენ პოზიციას, დაეტოვებინათ მათი ერთობა, თუმცა ეს არავინ გააკეთა.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ოღონდ ჩუმად. დაგეგმილი ღონისძიებები გავაუქმეთ, რადგან ახლა არ არის ამის დრო. Globalize-ის ღონისძიებები ყოველთვის ღია იყო, მას ესწრებოდნენ სტარტაპერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ყველა კატეგორიის ადამიანი. არასდროს არ ყოფილა საპირისპირო აზრის დაფიქსირების პრობლემა და გვინდოდა, გვემსჯელა ამ კანონპროექტზე. გვინდოდა, თუნდაც დიასპორის ხმა მოგვეტანა ზუსტად და ა.შ.
თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს, რომ განვიხილოთ ეს კანონი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება და მხოლოდ არასამთავრობოებს, ან მედიას ეხება, მზად ვართ, თუ ვინმე შემოგვიერთდება, განვიხილოთ. ახლა ვერც ინვესტორებს ვესაუბრებით, ვერც სტარტაპებს. აზრი არ აქვს არაფრის საუბარს. ჩვენ თვითონვე ვერ ვართ წელში გამართული და საქართველოზე იმას ვერ ვისაუბრებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. შესაბამისად, ღონისძიებები გარკვეული დროით გაუქმებულია. ბევრი რამ შეფერხებულია, რადგან უცხოელ პარტნიორებს კითხვები აქვთ“, - თქვა სალომე კუკავამ.