საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს აკავშირებს, რეაბილიტაციას საჭიროებს.
ანაკლია - განმუხურის ხიდზე ფილები ჩამტვრეულია, რასაც ადგილობრივების მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი ფოტო და ვიდეო მასალაც ადასტურებს.



„ხიდზე გადაადგილება საშიშია“ - აცხადებენ ანაკლიელები და ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობა მისი რეაბილიტაციისკენ მოუწოდებენ.
ვისი პასუხისმგებლობად და როდის ჩატარდება ანაკლიის ხიდის რეაბილიტაცია? - ამ კითხვით BMG-მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტზე გამოცხადებული კონკურსი ვერ შედგა, ამიტომ ვიდრე ახალი კონკურსი გამოცხადდება, ხიდის დროებითი რეაბილიტაცია ადგილობრივმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი თავიდან ატარებს ბაზრის კვლევას და შემდეგ ხელახლა გამოცხადდება პროექტის კონცეფციაზე კონკურსი. ამ ხიდის რეაბილიტაციას, ბუნებრივია, ეს პროექტი მოიცავს, თუმცა სანამ დაიწყება პროექტის განხორციელება, ამ ხიდის დროებითი რეაბილიტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თემაა“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
BMG-მ შესაბამისი კითხვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა და მასალას პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.
ცნობისთვის: ანაკლიაში საფეხმავლო ხიდს რეაბილიტაცია 2019 წელს ჩაუტარდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ხის საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ღირებულბა 454 384 ლარი იყო, ხიდის არსებული ელექტრო მომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ღირებულება კი - 279 232 ლარი.
შეგახსენებთ: ანაკლიის ხიდი 2011 წელს აშენდა. საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს აკავშირებს. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 504 მეტრია, სიგანე კი 6.81 მ. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდია. პროექტის გენერალური კონტრაქტორი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" იყო. ხიდის პროექტის ავტორები: შპს „ტრანსპროექტი“ (საქართველო) Leonard Andre and Partners GmbH (გერმანია) Hess Timber Limitless GmbH (გერმანია) Fast+Epp GmbH (გერმანია) პროექტის ქვეკონტრაქტორები: Hess Timber Limitless (გერმანია); Baucon (გერმანია); Redaelli (იტალია); Alga (იტალია); Prolight (საქართველო); ელიტა-ბურჯი (საქართველო). დასრულების თარიღი: 2011 წლის 31 დეკემბერი.




























