მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტი არსებობს“ - როდის დასრულდება გლდანში, ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია?

თბილისის მერია

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩის სრული რეაბილიტაციას მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. გზის სრული რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო გამწვანების მიმართულებით სამი მლნ ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქუჩაზე წყალარინების ქსელს ცვლის, რაიონის გამგეობა კი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო, მისი თქმით, გზის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

„გლდანის რაიონის გამგეობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს სანდრო ახმეტელის, ყოფილი აკაკი ვასაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. პირველ რიგში, წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას - საცხოვრებელი კორპუსების დიდი ნაწილის სარდაფებში წყალი შედიოდა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განახლდება სკვერები და მოწესრიგდება შუა გამყოფი ზოლი. სამუშაოების დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოს ბოლოსთვის, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მოწესრიგებული. გარკვეული დისკომფორტი არსებობს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა ამის გარეშე ტერიტორიის მოწესრიგება ვერ ხერხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგზაო სამუშაოები 15 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშა კაბელ-არხებში, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური სანათები. ასევე, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.

პროექტის ფარგლებში, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება ტერიტორიაზე არსებული შუა ზოლისა და სამი სკვერის რეაბილიტაცია.

ქუჩის გამყოფ ზოლსა და მიმდებარე თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სკვერების ტერიტორიაზე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა და ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები