მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის მშენებლობა წელს დასრულდება - დავითაშვილი

მარნეული

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სოფელ იმირში ნამოსახლარ „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ამ კომპლექსის მშენებლობა ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა არა მხოლოდ მარნეულისთვის, არამედ საქართველოსთვის.

„ეს არის ადგილი, სადაც მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერაა აღმოჩენილი, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის დასაწყისია და ეს არ არის საინტერესო მხოლოდ ქართველი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის, ეს არის მსოფლიო მეცნიერებისა და ტურისტებისთვის საინტერესო დანიშნულების ადგილი. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, „ღია ცის ქვეშ მუზეუმი“ გაიხსნას და ტურისტები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სოფელ იმირის ,,გადაჭრილი გორა" საქართველოში მიწათმოქმედების უძველესი ძეგლია, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ გარდა საყოფაცხოვრებო არქეოლოგიური ნიმუშებისა, იქ აღმოჩენილია მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის ნიმუშები, რაც იმ პერიოდში მებაღეობა-მევენახეობის კულტურის არსებობაზე მეტყველებს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნების მიზნით „გადაჭრილ გორაზე“ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე უწყება თანამშრომლობს, რომელთა ინფორმაციითაც, შესრულებულია „გადაჭრილი გორას“ პროექტი, რაც საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. შემდგომ კი მუზეუმის გაკეთება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის და დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობა იგეგმება.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი კერძო სექტორს და ბიზნესს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „გადაჭრილი გორა“ არამხოლოდ სამეცნიერო კუთხით იქნას შენარჩუნებული - კონსერვაციის მიზნით, არამედ მოხდეს მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

„საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ემსახურება საქართველოს, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას და ზოგადად, ქართული ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროები - ყველა უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს იმისთვის, რომ პროექტის შემდგომი განვითარება მოხდეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი იმირში კულტურის და სპორტის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ღვინის ეროვნული სააგენტოების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა.