ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტსა და სოფელ სამშვილდეს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, მარნეულის მერი ქენან ომაროვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მიესალმნენ ბ-ნ ელჩს, რის შემდეგ რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტებისა და განვითარების სტრატეგიების შესახებ სიღრმისეული დისკუსია გაიმართა. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან უშუალო ურთიერთობა და რეგიონში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების უკეთესად გაგება.
ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ სვლას აგრძელებს, ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი, საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი თემების განვითარების ხელშესაწყობად.
არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელ ხიდთან“ შეხვედრა ვიზიტის ძირითადი ნაწილი იყო. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს განვითარებაში ჩართვას უწყობენ ხელს.
ადგილობრივ ახალგაზრდებთან ინტერაქტიურმა შეხვედრამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში შექმნა პლატფორმა ელჩთან აქტიური დისკუსიებისთვის, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ყურადღების გამახვილება ახალგაზრდების ჩართულობის, საერთო ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.
''ჩვენ არა მხოლოდ ღიანი ვართ თქვენი იდეებისა და მონაწილეობისთვის, არამედ აქტიურად ვეძებთ მათ. თქვენი ენერგია, კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება გადამწყვეტია მომავლის შესაქმნელად რომელიც არა მხოლოდ აყვავებული, არამედ ინკლუზიური და მდგრადი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
ქვემო ქართლის რეგიონულ ჰაბში (STAR), რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა, ელჩი ჰერჩინსკი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრამ ხელი შეუწყო ნაყოფიერ დიალოგს ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პოტენციური გზების შესახებ, რაც სამოქალაქო განვითარებაში ევროკავშირის, როგორც მხარდამჭერი პარტნიორის, როლს აძლიერებს.
„თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიური, დინამიკური და ურთიერთდაკავშირებული საზოგადოების განვითარებას; იმ საზოგადოებისა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან ძლიერი შეხმიანების პრინციპებს დაეფუძნება“, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
ვიზიტის დასასრულს, სოფელ სამშვილდეში ელჩი ჰერჩინსკი სოციალურ საწარმო „ორბის ბუდეს“ ეწვია; ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მდგრადი ტურიზმისა და ადგილობრივი გაძლიერების მაგალითს წარმოადგენს. ეს საწარმო მომხმარებლებს ტურისტული სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს და არა მხოლოდ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა, არამედ თავის საქმიანობაში ადგილობრივი ქალების ჩართულობის მეშვეობით ინკლუზიურობასაც უწყობს ხელს.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ენერგიამ და ენთუზიაზმმა, რომელიც „ორბის ბუდეში“ დავინახე. ეს საწარმო უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნის ადგილობრივ ახალგაზრდებს იმ უნარ-ჩვევების სწავლების საშუალებით, რომელიც ეხმარება ამ ახალგაზრდებს გახდნენ გამოცდილი გიდები და, უფრო ფართო გაგებით, ხელს უწყობს ინკლუზიურობის და გაძლიერების სულისკვეთებას“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩი ჰერჩინსკის ვიზიტი მარნეულსა და სამშვილდეში ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას, მთელ საქართველოში ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ფართო ჩართულობას, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ინიციატივებს და ინკლუზიურობას.
ცნობისთვის: 30 წელზე მეტია, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა, ხელს უწყობდა მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზის მიწოდების, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს. მეტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/