მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატობაზე გადაწყვეტილება 27 სახელმწიფოს ხელშია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათთან სწორი გზავნილების მიტანა - ელჩი

6404b55d049db
BM.GE
05.03.23 19:24
764
BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების და მასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მოსამზადებელი შეფასების შესახებ ისაუბრა. დიპლომატი განმარტავს, რომ აღნიშნული კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება 27 სახელმწიფოს ხელშია, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას მათთან სწორი მიმართულებით მუშაობა ესაჭიროება. 

“პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს შეაფასებს ანგარიშს მოამზადებს ევროკომისია. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ინკლუზიური პროცესი. უკვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას კომისარ ვარჰეის სახელით. ვისაუბრებთ ყველა შესაბამის სამინისტროსთან, ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩავრთავთ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. და ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიში 12 წინაპირობის იმპლემენტაციის შესახებ გამოქვეყნდება ევროკომისიის მიერ ოქტომბერში. შემდეგ 27–მა წევრმა სახელმწიფომ უმაღლეს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერმინისტრების დონეზე – უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ერთხმად. 10 თვის ჭრილში ვსაუბრობთ – ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ 10 თვის მანძილზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ეს არ იქნება გზის დასასრული.

ყველას ესმის, რომ გარკვეული წინაპირობების სრულყოფილად შესრულება საკმაოდ მოკლე დროში რთული ამოცანაა და წლები დასჭირდება ისეთი პოლიტიკური წინაპირობების შესრულებას, როგორიც მაგალითად დეპოლარიზაციაა, დე–ოლიგარქიზაციაა, თუნდაც სასამართლო რეფორმის გატარებაა. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაგრამ ჩვენ იმის დანახვა გვსურს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვინდა პროგრესის დანახვა 12–ივე პრიორიტეტთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ზოგი სრულად შესრულდება, ზოგი – ნაწილობრივ, მაგრამ მიმართულება იქნება სწორი. გადაწყვეტილება 27–ივე წევრი სახელმწიფოს ხელშია, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მათთან სწორი გზავნილების მიტანა,”- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები