გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება განახლდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ეხება მხოლოდ გადამმუშავებელი საწარმოების კომპონენტს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 9 ივლისის 12:00 საათიდან 19 ივლისის 18:00 საათამდე. მიზნებს შორისაა: მუნიციპალიტეტებში ახალი გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა; ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება; გადამმუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება; სანედლეულო ბაზის განვითარება და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ჯამური ბიუჯეტი მიმდინარე წელს 17 მილიონი ლარია.
გადამმუშავებელი საწარმოების კომპონენტის პირობები
გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
კომპონენტის ითვალისწინებს შემდეგი სახის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას:
- ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
- რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება (გარდა ძროხის რძის გადამუშავებისა);
- ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
- კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
- მატყლის, ტყავის გადამუშავება;
- დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
- ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
- მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
- თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
- ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
- ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
- ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.